თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ევროპული სტრუქტურები საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერენ, განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
სტრასბურგში გუშინ ევროპარლამენტის დეპუტატებმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცრების შეთანხმებაზე, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოსალოდნელი ლიბერალიზაციის კონტექსტში იმსჯელეს. ხუთშაბათს ევროპარლამენტარები შესაბამის რეზოლუციას უყრიან კენჭს.
„ჩვენ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის (ევროკავშირთან) ლიბერალიზაციის პროცესში მკაფიო მხარდაჭერას ვხედავთ. პროგრესს, რომელსაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით მივაღწიეთ, დადებითი შეფასება ეძლევა“, — განაცხადა ჯანელიძემ დავოსში, სადაც ის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს.
შემდგომი წარმატებებისთვის საქართველოში დემოკრატიული რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დარწმუნებულია დიპლომატი.
„ეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტიცაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება“, — აღნიშნა ჯანელიძემ.
ევროკავშირმა და საქართველომ 2014 წლის ივლისში ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასოცირების შესახებ, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონი სშესახებ. დოკუმენტის რატიფიკაცია მოახდინა ევროკავშირის ყველა წევრმა- ქვეყანამ, საქართველოს პარლამენტმა და ევროპარლამენტმა.
ევროკომისიამ 2015 წლის 18 დეკემბერს გამოაქვეყნა საბოლოო დადებითი დასკვნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმის (VLAP) შესრულების თაობაზე. სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.