თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. პროკურორის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავა თვითმკვლელობამდე საზღვარგარეთ გაქცევას გეგმავდა, განაცხადა შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია 16 იანვარს თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე, კუჭავას მიერ დაქირავებულ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
„უკვე შეიძლება ითქვას, რომ ქირია კუჭავამ ძველით ახალიწლის ღამეს ხმაურის (სალუტები) დროს მოკლა, რის შემდეგაც საზღვარგარეთ დარეკა და გაქცევაში დახმარება ითხოვა, რადგანაც ადამიანი მოკლა“, — განაცხადა თალაკვაძემ.
თალაკვაძემ ასევე განაცხადა, რომ თვითმკვლელობის დროს, როდესაც ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, მასთან ერთად ცოლ-ქმარი პოპოვები იმყოფებოდნენ. უკვე მომხდარის შემდეგ დაღუპულის ნათესავს საზღვარგარეთიდან ბრალდებებით დაურეკეს, რომ კუჭავამ თავის საქმეში ეს ადამიანები ჩარია.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილემ გაიმეორა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ კუჭავა წინასწარ გეგმავდა ქირიას მკვლელობას და ამისთვის ელექტროხერხი შეიძინა.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ პროკურის სხეული ჯერ ჩამოკიდეს და სისხლისგან დაცალეს, ხოლო ამის შემდეგ ელექტროხერხით მის დანაწევრებას შეეცადნენ“, — განაცხადა მინისტირის მოადგილემ.
მკვლელობის დეტალებზე საუბრისას თალაკვაძემ განაცხადა, რომ კუჭავამ ქირიას სხეულის დანაწევრებისას ფეხი დაიზიანა, რის შედეგადაც ძლიერი სისხლდენა განუვითარდა. ეს ფაქტი მის ფეხზე დადებულ სახვევს ადასტურებს, რომელიც თვითმკვლელობის შემდეგ აღმოაჩინეს, განმარტა მან.
გარდა ამისა, დანაშაულის ადგილზე მისულმა გამომძიებლებმა ადგილზე პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელი ვერ აღმოაჩინეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კუჭავას ტანსაცმელი გასისხლიანებული იყო და მას ქირიას ტანსაცმლით მოუწია წასვლა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. გავრცელებული ინფორმაციით, კუჭავა მოკლული პროკურორის ნათესავი იყო.