თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე წლის მაისში უკვე მეორედ გაიმართება ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ — „Noble Partner 2016“, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ორშაბათს იტყობინება.
ამასთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ („Noble Partner 2016“) დაგეგმვის ძირითადი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა ქართულ-ამერიკული სწავლების დაგეგმვის დეტალები და განხორციელების საკითხები განიხილეს, რაც წვრთნების ჩატარების ადგილების დათვალიერებასა და შეფასებას გულისხმობს.
სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ იმართება და მისი ამოცანა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თანამშრომლობის გაძლიერებაა. საველე სწავლებების დროს ქართული და ამერიკული სამხედრო დანაყოფები სხვადასხვა სამხედრო ამოცანებს ერთობლივად შეასრულებენ.
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიასა და სამხედრო პოლიგონზე მაისში ჩატარდება. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული და IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის ერთ-ერთი მექანიზირებული ასეული მიიღებს მონაწილეობას. ამერიკის მხრიდან სწავლებაში აშშ-ის არმიის სხვადასხვა მექანიზირებული და ქვეითი დანაყოფები ჩაერთვებიან.