თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. უელსის მრავლეროვნულ სამხედრო სწავლებებში Cambrian Patrol 2015 საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, — იუწყება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სამხედრო სწავლება „Cambrian Patrol 2015“-ში მეორედ მონაწილეობენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა დაკისრებულ ამოცანას წარმატებით გაართვეს თავი და საკმაოდ რთული, 64-კილომეტრიანი მარშრუტი თავისი ტაქტიკური დავალებებით 48 საათში ბოლომდე გაიარეს.
„სწავლებებს დიდი ხნის ისტორია აქვს. წელს მასში მსოფლიოს 20 ქვეყანა მონაწილეობდა. ჩვენი ქვედანაყოფი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული იყო ამ ქვეყნებს შორის. მინდა აღვნიშნო, რომ შედეგები წლიდან წლამდე უმჯობესდება“, —თქვა დაზვერვის დეპარტამენტ J-2–ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი კვირიკაშვილმა.
სწავლებების მთავარი მიმართულებები იყო ნავიგაცია დღითა და ღამით, პატრულირება, მოწინააღმდეგის აღმოჩენა და მისი განადგურება.
დანიშნულების პუნქტამდე მისვლა მარშის მონაწილეთა ერთმა მესამედმა ვერ მოახერხა.
„სამხედროებმა, რომლებმაც ეს ურთულესი ტესტი ჩააბარეს, ნამდვილად უნდა იამაყონ საკუთარი თავით. პატრულის მონაწილეებმა, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდა, აუცილებლად უნდა გააანალიზონ შეცდომები და მომავალი წლისთვის უკეთ მოემზადონ“, — განაცხადა სწავლების ხელმძღვანელმა და უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მარტინ გემბლმა (Martyn Gamble).
სამხედრო სწავლებები Cambrian Patrol ცნობილია როგორც არმიის ამტარუნარიანობის ურთულესი ტესტი.
სწავლებებში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილებდნენ დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების რეგულარული და სარეზერვო არმიების ქვედანაყოფები.