თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის კობა დავითაშვილის სარჩელის განხილვაზე.
2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის მიტინგის დარბევისას მომხდარი მოვლენების გამო, დეპუტატმა სარჩელი 2010 წლის თებერვალში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა. მაშინ ოპოზიციონერ კობა დავითაშვილს გორში თავს დაესხნენ, სცემეს და სამხედრო ჰოსპიტალის წინ დატოვეს.
აღნიშნულ ფაქტზე 2008 წელს საქართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მიუხედავად ამისა, სამი წლის მანძილზე დეპუტატი არ დაინტერესებულა ამ საქმის მსვლელობით. სწორედ ეს გახდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.
სასამართლო თვლის, რომ მიუხედავად დროში რაიმე შეზღუდვისა, რომელიც შესაძლოა გათვალისწინებული ყოფილიყო შესაბამის ეროვნულ კანონმდებლობაში, მოსარჩელე მხარის მხრიდან უმოქმედობა, სრულიად აუხსნელია. ამიტომ სასამართლომ სარჩელი ერთხმად დაუშვებლად ჩათვალა, ნათქვამია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განცხადებაში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზეა განთავსებული.
დავითაშვილი თავის სარჩელში ამტკიცებს, რომ მასთან მიმართებაში დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6 მუხლი: „სიცოცხლის უფლება“, „წამების აკრძალვა“, „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“, „პირადი და ოჯახის პატივისცემის უფლება“, „გამოხატვის თავისუფლება“, „შეკრების თავისუფლება“, „ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება“ და „დისკრიმინაციის აკრძალვა“.
საპროტესტო აქციის დარბევაზე, რომლის დროსაც დაზარალდა დავითაშვილი, 2012 წელს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
მასთან ერთად, აღნიშნულ საქმეში მითითებულნი არიან შსს ექს-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ექს-მინისტრი დავით კეზერაშვილი, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.
2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე ასევე შეიცავს ტელეკომანია „იმედის“ დარბევას და აწ განსვენებული მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ დაუფლებას.