საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად აირჩიეს

გამოწერა
საქართველოსთვის დიდი პატივია გაეროს იმ ორგანოს წევრობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად პირველად აირჩიეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს. 

2015 წლის 28 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე საქართველო, 177 ხმით, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრად 2016-2018 წლების ვადით იქნა არჩეული.  

საქართველოსთვის დიდი პატივია გაეროს იმ ორგანოს წევრობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს მექანიზმს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გაუმჯობესების კუთხით, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საბჭოს წევრობა ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, კიდევ უფრო დახვეწოს ადამიანის უფლებათა დაცვის პოლიტიკა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, ასევე, იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად უფრო აქტიურად ჩაერთოს ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით გაეროში მიმდინარე პროცესებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭო გაეროს 47 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და მის ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დაცვის უზრუნველყოფა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0