თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბურკინა-ფასოს დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
ბოევიკები ქალაქ უაგადუგუში მდებარე სასტუმრო „სპლენდიდს“ 15 იანვარს თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს. სასტუმროდან 150 ადამიანის ევაკუირება უკვე მოხდა. თავდასხმებს 29 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 18 ქვეყნის მოქალაქე ირიცხება.
საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ საზარელი აქტის დამკვეთები კანონის წინაშე წარდგებიან, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმებს.
საქართველო მხარს უჭერს ბურკინა ფასოს რესპუბლიკის მთავრობას და სჯერა, რომ ბურკინა ფასოს ხალხი შესძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევას მშვიდობიანი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.