თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო ქადაგებაზე მრევლს მოუწოდა საკუთარი სახლები ნაკურთი წყლით აკურთხონ.
პატრიარქის განცხადებით, „კაცობრიობას განსაკუთრებით აწუხებს ვნებები, უსიყვარულობა, შფოთი, უნდობლობა“ და ეს ადამიანს ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია, მაგრამ ეს არის ბრძოლა ბოროტთან.
„ამიტომ ყოველდღე უნდა აკურთხოთ ნაკურთხი წყლით თქვენი ოთახები, სახლი, ეზო და აკმიოთ საკმეველი, რათა ბოროტი ძალა თქვენს სახლში არ შემოვიდეს", — აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს ბოროტთან ბრძოლისკენ და ღვთის რწმენისკენ მოუწოდა.
„ჩვენი ცხოვრება სავსეა განსაცდელითა და ცდუნებებით. წმინდა იობი, რომელმაც მრავალი ტანჯვა და განსაცდელი გამოიარა, კითხვა დასვა: „ჩვენი ცხოვრება განსაცდელი ხომ არაა?! ცხოვრება მართლა განსაცდელია და ბედნიერია ისი ადამიანი, რომელიც ამ გამოცდას ღირსეულად შეხვდება. განსაცდელია მრავალმხრივია და მასთან ბრძოლა უმეტესად იმ ადამიანებს უწევთ, რომლებიც სიკეთეს თესენ, რადგან ბოროტი ებრძვის სიკეთეს“, — განაცხადა პატრიარქმა.
ილია მეორემ მრევლს ასევე მოუწოდა 19 იანვრის, ნათლისღების დღესასწაულისთვის მომზადებისკენ. ამ დღეს რიგით 42-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება პატრიარქის ნათლულების რიცხვს ასობით პატარა შეემატება.