თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. შს სამინისტროს წარმომადგენლები ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში ჩავიდნენ და რამდენიმე კვირის წინ მთებში დაკარგული სამი მონადირის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაციები მიაწოდეს, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე მედია იტყობინებოდა, რომ 28 დეკემბერს ლაგოდეხში დაკარგული სამი მონადირე თითქოს დაღესტნელმა მესაზღვრეებმა დააკავეს და ისინი დაღესტნის ტერიტორიაზე იმყოფებიან. 7 იანვარს რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კარლო ჯამბურიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს სამი მოქალაქე იმის გამო დააკავეს, რომ დაღესტნის საზღვარი გადაკვეთეს. თუმცა, დაღესტნის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა აღნიშნული განცხადება არ დაადასტურეს.
შეხვედრისას დაკარგულთა ოჯახების წევრებს შსს-ს წარმომადგენმებმა განუცხადეს, რომ სამინისტრო დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს იმის თაობაზე, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში რუსეთის ფედერაციაში, დაღესტნის ტერიტორიაზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საზღვრის უკანონო კვეთის გამო დაკავებული არ ყოფილა და უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ დაღესტანში დაკავებულები დაკარგული მონადირეები არიან.
ლაგოდეხის მთებში დაკარგული მონადირეების სამძებრო ოპერაცია, ამ დრომდე უშედეგოდ მიმდინარეობს.