თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. "საქართველოს ხმის" დამფუძნებლის ბიძინა კუჭავას ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული და ექსპერტიზა უტარდება. რაც შეეხება მის მეუღლეს, არსებული ინფორმაციით, ის მოდულის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება, იუწყება ქართული მედია კვირას, 17 იანვარს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის მამაკაცმა, რომელიც ვახტანგ ქირიას ნათესავი იყო, სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცველები მის კვალზე გავიდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა კუჭავა ეჭვმიტანილია სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში. გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე —7 კვარტალში, 24 —ე კორპუსში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი 5 დღის წინ დაკარგულ ვახტანგ ქირიას ეკუთვნოდა. გარდა ამისა, ბინა, რომელშიც წუხელ ქირიას გვამი აღმოაჩინეს, სწორედ მკვლელის დაქირავებული იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ამ დრომდე მას როგორც ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავები ეძებდნენ.
პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მას ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორს ოთხი დღის წინ უცნობმა პირებმა დაურეკეს, რომლის შემდეგ ის სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.