თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. რუსეთმა სირიაში ჰუმანიტარული ოპერაციის გაჩაღება გადაწყვიტა, განაცხადა პარასკევს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერგეი რუდსკოიმ.
„სირიის რესპუბლიკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჰუმანიტარული ოპერაციის გაშლა გადაწყდა“, — განაცხადა რუდსკოიმ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ძირითადი დახმარება ქალაქ დეირ-ეზ-ზორისკენ მიდის, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ალყაში დიდი ხანია იმყოფება.
„სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებმა (ილ-76) დეირ ეზ-ზორას რაიონში, რუსული საპარაშუტო სისტემების მეშვეობით, 22 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩააგდეს“, — აღნიშნა გენერალმა.
რუსეთი, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მოთხოვნის საფუძველზე, 30 სექტემბრიდან აწარმოებს წერტილოვან ავიადარტყმებს „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან–ნუსრას“ ობიექტებზე. საჰაერო–კოსმოსურმა ძალებმა, კასპიის ფლოტილიის ხომალდებმა და შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავმა „დონის როსტოვმა“ ტერორისტების რამდენიმე ათასი ობიექტი გაანადგურეს.
რუსული ავიაციის მხარდაჭერით, სამთავრობო ჯარები და პატრიოტული ოპოზიცია ტერორისტების პოზიციებს უტევენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, მხოლოდ ბოლო თვენახევარში სირიაში 150-ზე მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული. ამავე დროს, რუსეთის გენშტაბში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევისა, ტერორისტები, თურქეთის გავლით, დახმარებას მაინც იღებენ.
სირიაში, ამის პარალელურად, ტერორისტებზე დარტყმებს ახორციელებს კოალიცია, რომელსაც აშშ უდგას სათავეში. რუსეთი და ანტიტერორისტული კოალიცია სხვადასხვა სახის ინფორმაციებს ცვლიან ერთმანეთში, თუმცა უფრო მჭიდრო კოორდინაცია მათ შორის არ არის. დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს, რომ ის ტერორისტების ობიექტების გარდა ასევე ე. წ. ზომიერი ოპოზიციის ობიექტებსაც ბომბავს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს.