თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა გამოჩენილი ბრიტანელი მსახიობის ალან რიკმანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და მას თავისი ერთგული მეგობარი უწოდა.
ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი ალან რიკმანი, რომელიც ახალგაზრდა თაობისთვის ჰარი პოტერის შესახებ გადაღებული ფილმებითაა ცნობილი, ლონდონში 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რუსთაველის თეატრი მწუხარებას გამოთქვამს უნიჭიერესი მსახიობის ალან რიკმანის გარდაცვალების გამო. ალან რიკმანი ბატონ რობერტ სტურუას და ჩვენი თეატრის ერთგული მეგობარი იყო, აღნიშნულია თეატრის ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ალან რიკმანმა და რობერტ სტურუამ ერთმანეთი დიდ ბრიტანეთში 1992 წელს გაიცნეს, როდესაც ქართველი რეჟისორი ლონდონის River Side Studio-ს სცენაზე „ჰამლეტს“ დგამდა. რიკმანმა ამ სპექტაკლში მთავარი როლი შეასრულა.
სტურუას ეს დადგმა შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ 50 წლის განმავლობაში საუკეთესო მსოფლიო დადგმების ათეულში შეიყვანა.
რიკმანი საქართველოს სამჯერ — 1979, 2007 და 2009 წლებში ეწვია.
ალან რიკმანს პოპულარობა მოუტანა 1988 წელს გამოსულმა ფილმმა „კერკეტი კაკალი“. რიკმანი ასევე თამაშობდა ფილმებში: „რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული“, „გონება და გრძნობები“, „რასპუტინი“, „გულწრფელად, უგონოდ, ძლიერ“, „პარფიუმერი. ერთი მკვლელის ისტორია“.
მსახიობმა თავი რეჟისორის ამპლუაშიც მოსინჯა, გადაიღო ფილმი „ზამთრის სტუმარი“, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზე ორი პრემიით აღინიშნა.