თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველო მზადაა, დაიცვას თავისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციის წინ სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნის ცერემონიაზე.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, ტრადიციულად, დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში აღნიშნავენ. ზეიმთან დაკავშირებით, სტუდენტებმა საქართველოს რეგიონებში ადმინისტრაციულ შენობებთან საქართველოს დროშები აღმართეს, რის შემდეგაც საზეიმო ცერემონიაზე თბილისში ჩამოვიდნენ.
სადღესასწაულოდ პრეზიდენტის რეზიდენციაში სპეციალურად დამზადდა სახელმწიფო დროშის ეტალონური ნიმუში, რომლის პარამეტრები საქართველოს კანონმდებლობაშია აღნიშნული. საპატიო ყარაულმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე დროშა სიმბოლურად აღმართა, რის შემდეგაც ის რეზიდენციაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე შეინახება.
„ჩვენი დროშა არის ისტორიული გმირობის მატარებელი… გილოცავთ იმ მომავალ გამარჯვებებს, რომელსაც ჩვენ ერთად მივაღწევთ. ჩვენ ერთი წარსული გვაქვს, ერთი ქვეყანა გვაქვს და გვაქვს ამ ქვეყნის დიდი მომავალი“, — განაცხადა პრეზიდენტმა.
ქართველი ხალხი უბრალოდ აბსტრაქტულად კი არ სცემს პატივს სახელმწიფოებრივ სიმბოლოებს ან სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს, არამედ ნათლად ხედავს, რომ ეს ქვეყნის გაძლიერების მთავარი ინსტრუმენტებია, აღნიშნა მარგველაშვილმა.
"დროშას აღმართავენ ყველაზე მაღლა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს. იმისთვის, რომ ყველამ იამაყოს და დღეს, როდესაც ჩვენ ამ დროშას აღვმართავთ, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. ჩვენ აღვმართავთ ამ დროშას იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს თავისუფალი ხალხისგან შემდგარი თავისუფალი ქვეყანა, მეტიც, მზად ვართ დავიცვათ ეს თავისუფლება", — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მარგველაშვილმა პატივი მიაგო ადამიანებს, ვინც „ამ დროშისთვის ეწამა და სისხლი დაღვარა“.
საღამოს პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართება, სადაც საქართველოს პარლამენტთან არსებული სახელმწიფო ჰერალდიკური საბჭოს მიერ წარდგენილი შუა საუკუნეების (XIV-XVI) საზღვაო სანავიგაციო რუკები გამოიფინება. ამ რუკებზე საქართველო თანამედროვე დროშის მსგავსი ხუთჯვრიანი დროშებით არის აღნიშნული.
საქართველოს პარლამენტმა 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცა კანონი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“. საქართველოს თანამდეროვე დროშა თეთრ ფონზე ხუთი წითელი ფერის ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც იესო ქრისტესა და ოთხი მახარებლის სიმბოლოა.