თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ბარაკ ობამას ადმინისტრაციას საქართველოს ხელისუფლებასთან ბოლო ოთხი წლის მანძილზე მკაფიო ურთიერთობა არ ჰქონია, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ ხელმძღვანელმა ბესიკ ალადაშვილმა.
„საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინიტრაციასთან ბოლო ოთხი წლის მანძილზე მკაფიო ურთიერთობები არ ქონია და არც ამის სურვილი ყოფილა. ჩვენ ვერ გავიხსენებთ უმაღლესი დონის ვერც-ერთ შეხვედრას საქართველოს ხელმძღვანელობასთან, ლიფტებს და კიბეებს თუ არ ჩავთვლით.“- თქვა ალადაშვილმა. იგი თვლის, რომ ობამას ადმინისტრაცია შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია ადმინისტრაციაა.
„პირველი ოთხი წელი ობამას ადმინისტრაციის, ხატოვნად რომ ვთქვათ უდაბნოში ხეტიალი იყო. ის ეძებდა იმ ოაზისს, რომელიც იქ არ შეიძლება რომ ყოფილიყო და ეს იყო მეგობრობა რუსეთთან. ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში იყო ცნობილი, რომ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი მუდმივია და არ იცვლება. რატომღაც გადაწყვიტა ურთიერთობის გადატვირთვა და რა გამოვიდა “ —აღნიშნა ალადაშვილმა.
მისი თქმით, ობამას ადმინისტრაცია ჩემოდნებზე ზის. მას უნდა რომ ლამაზად წავიდეს და წინ გლობალური პრობლემები წამოწიოს.
„მას ქონდა გარკვეულწილად გეოპოლიტიკური პლიუსები, რამაც შეიძლება შემდეგ იჩინოს თავი. მაგრამ ფაქტია, რომ ობამას ადმინისტრაცია სისწრაფით და გადაწყვეტილების სიხისტით ვერ გამოირჩეოდა“- თვლის ექსპერტი.
რაც შეეხება ტერორიზმს, ექსპერტის აზრით, აშშ-ს შეუძლია მასთან ბრძოლა, მთავარია ვინ იქნება მისი მოკავშირე და რამდენად შეძლებს ის ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირების გადალახვას.
„ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდეს, სანამ სხვა ახალი ტერორისტული ორგანიზაცია არ შეიქმნება. ჩვენ გვახსოვს ალქაიდა, თალიბანი, გარკვეულწილად ეს პოლიტიკური თამაშიც არის, რადგან ყველა ქვეყანას სჭირდება საგარეო მტრები, რათა საზოგადოებას აჩვენოს რომ ის ძლიერი და ეფექტური ხელისუფლებაა.“-აღნიშნა ალადაშვილმა.
აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა „ქვეყანაში არსებული მდგომარეობის“ შესახებ ბოლო, ტრადიციული მოხსენებით კონგრესის წინაშე 12 იანვარს წარდგა. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები კვლავაც მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოა. აშშ მთელ ძალისხმევას „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართავს.
2016 წლის ნოემბერში აშშ–ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, რომელშიც სახელმწიფოს მოქმედი მეთაური უკვე აღარ მიიღებს მონაწილეობას. სწორედ ამიტომ ობამას გამოსვლა ბევრმა ამერიკელმა პოლიტიკოსმა კარგი მემკვიდრეობის დატოვების მცდელობად შეაფასა.
