თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სტრატეგიული პარტნიორობა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანია SOCAR-თან უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანიის პრეზიდენტთან როვგან აბდულაევთან შეხვედრისას.
აზერბაიჯანი გაზის მოწოდებაში საქართველოს ძირითადი პარტნიორია, მაგრამ ამ ეტაპზე, ტექნიკურად არ შეუძლია მთლიანად უზრუნველყოს საქართველოს მოთხოვნა ბუნებრივ აირზე. ამიტომ დეფიციტის შევსება რუსული კომპანია „გაზპრომის“ გაზით ხდება.
„აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მიუხედავად ბოლო პერიოდში არსებული პოლიტიკური სპეკულაციებისა, მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტრატეგიული თანამშრომლობა კომპანია „სოკართან" უაღრესად მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი ქვეყანაა და ეს არის ყველაზე მთავარი“, — ციტირებს საქართველოს პრემიერის სიტყვებს მთავრობის პრესსამსახური.
2008-2013 წლებში საქართველოში 230 ქალაქისა და სოფლის გაზიფიკაცია მოხდა, აშენდა 3500კმ. სიგრძის გაზსადენი. ჩატარებულმა სამუშაოებმა საშუალება მისცა 175 ათას აბონენტს წვდომა ჰქონოდა ბუნებრივ გაზზე.
საქართველომ „სოკართან“ მემორანდუმი 2013 წელს გააფორმა, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანულმა კომპანიამ 2013-2017 წლებში საქართველოს რეგიონების გაზიფიცირება უნდა მოახდინოს. 2014 წელს 1100 კმ სიგრძის გაზსადენი აშენდა და 34 ათასი აბონენტის გაზიფიცირება მოხდა.
„სოკარი“ გაზიფიკაციის მასშტაბურ პროექტს 2017 წელს დაასრულებს, რომლის შედეგადაც საქართველოს მოსახლეობის 75 % შესაძლებლობა ექნება ბუნებრივი აირით ისარგებლოს.