თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველო აზერბაიჯანთან დეფიციტის შესავსებად, ბუნებრივი აირის მოწოდების გაზრდასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გამართავს, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ სამშაბათს, 12 იანვარს.
საქართველოში ბუნებრივი აირის მოხმარება 2012 წლიდან დღემდე თითქმის 38%-ით გაიზარდა, 2014 წელთან შედარებით კი — 19%-ით. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს გაზიფიკაციამ ქვეყანაში ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდაზე იმოქმედა.
„ხვალ „სოკარის“ (აზერბაიჯანის ნავთობგაზის კორპორაცია) წარმომადგენელი ჩამოდის. იქნება საუბარი დეტალებზე, ძირითადად, ფასის შესახებ და ამის შესაბამისად გადაწყდება, საიდან, რომელი წყაროს საშუალებით შეივსება დეფიციტი (ბუნებრივი აირის)“, — განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი იმპორტიორი აზერბაიჯანია. ამჟამად რუსული გაზი საქართველოში მხოლოდ სომხეთში ტრანზიტისთვის საფასურის სახით — მიწოდების მთლიანი მოცულობის 10% შემოდის. 2014 წელს „გაზპრომმა“ საქართველოს 300 მლნ კუბომეტრი აირი მიაწოდა.