თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები აუცილებლად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს და ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენმა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოში ე. წ. შერეული სისტემა მოქმედებს: პარლამენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით (პარტიული სიებით წარმოდგენილი კანდიდატები) არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან შედგება. ქვეყნის ხელისუფლება 2016 წლის არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.
„ეს არ არის ჩემი პოზიცია, რომ პროპორციული სისტემა უნდა იყოს. ეს არის ის სრული კონსენსუსი, რომელიც ჩემ წინაშე ფაქტის სახით დგას. როდესაც მთელი პოლიტიკური სპექტრი ამბობს, რომ ეს არის უკეთესი. ასევე არის პეტიციაც, რომელსაც 240 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „გურჯაანის“ ეთერში.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომელთა შორისაცაა ათი არასაპარლამენტო და ორი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“, საქართველოს კონსტიტუციაში შესწორებების შეტანის მიზნით, აუცილებელი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვეს და პარლამენტს წარუდგინეს.
„აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის და პირადად ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს კონსენსუსი, რომ ქვეყნის გარეთ ყველამ დაინახოს, რომ საქართველო 2012 წლიდან სუფთად ატარებს არჩევნებს, ასევე ის, რომ დემოკრატიისა და პლურალიზმის ხარისხი მუდმივად იზრდება“, — აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
საარჩევნო სისტემის ცვლილება აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კონკურენციის არ ეშინია, მიიჩნევს მარგველაშვილი.
2016 წლის შემოდგომაზე, ქვეყნის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. პარტიები 150 სადეპუტატო სავარძლისთვის იბრძოლებენ.