თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლებამ მედიასაშუალებებს სტამბოლში მომხდარი აფეთქების შესახებ, რა დროსაც ათი ადამიანი დაიღუპა, 15 კი — დაიჭრა, ინფორმაციის გამოქვეყნება აუკრძალა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სამშაბათს სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით.
ძლიერი აფეთქება სამშაბათს დილით სტამბოლის ცენტრში, სულთანაჰმეთის მოედანზე, ტრამვაის გაჩერების გვერდით მოხდა. ამ დროს იქ ტურისტების ჯგუფი იმყოფებოდა. ხელისუფლების მონაცემებით, დაიღუპა 10 ადამიანი, ხოლო 15 — დაიჭრა. მოედანი პოლიციითაა გარშემორტყმული, ადგილზე მობილიზებულნი არიან გამნაღმველები. პოლიციის წინასწარი ვერსიით, აფეთქება, შესაძლოა, თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.
აფეთქების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება იკრძალება ბეჭდურ მედიაში ახალი ამბების ყველა სახეობის, ინტერვიუს, კრიტიკული და ანალოგიური პუბლიკაციების საშუალებით, ტელევიზიით, რადიოთი, სოციალური ქსელებითა და ყველა ინტერნეტ-მედიასაშუალებით. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ამის შესახებ ყველა თურქულ მედიასაშუალებას ოფიციალურად ეცნობა.
თურქეთში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ან ეთიკური თვალსაზრისით, ტერაქტებთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეომასალის აკრძალვის შემთხვევები ადრეც ყოფილა. უკანასკნელად მსგავსი აკრძალვა ოქტომბერში ანკარაში მომხდარი ტერაქტის დროს ამოქმედდა. ტერაქტს 103 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.