თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქართული „ვითას“ კალათბურთელებმა ფინურ კლუბ „ბაიზონსთან“გასვლით მატჩში წააგეს და „ვითიბის“ ერთიან ლიგაში ზედიზედ მეთხუთმეტედ დამარცხდნენ.
თამაში ფინეთში ორშაბათს გაიმართა. მასპინძლებმა ანგარიშით 89:73 (24:25, 26:17, 17:16, 22:15) გაიმარჯვეს. მათ გუნდში ყველაზე შედეგიანი მარტინ ზენო იყო, რომელსაც აქტივში 26 ქულა, 8 ჩახსნა და 6 გადაცემა აქვს. „ვითას“ შემადგენლობაში ომარ ტომასმა ისახელა თავი, რომელმაც დაბლ-დაბლი შეასრულა — 22 ქულა, 13 ჩახსნა.
ორივე გუნდმა თამაში ენერგიულად და ტემპში დაიწყო. სტუმრებმა ნაკლები შეცდომა დაუშვეს, რაც ანგარიშშიც აისახა. მაგრამ უკვე სასტარტო 10 წუთში „ბიზონებმა“ მდგომარეობის გამოსწორება შეძლეს და შესვენებამდე უპირატესობა ხან ერთ გუნდს ჰქონდა, ხან მეორეს. შესვენებამდე წამით ადრე მიკო კოივისტომ არაჩვეულებრივი ტყორცნა განახორციელა მოედნის ცენტრიდან და „ბაიზონსის“ სასარგებლოდ ანგარიში — 50:42 დააფიქსირა.
მეორე ნახევარი „ვითამ“ წარმატებით დაიწყო — 12:4 — ქართული გუნდის ახალწვეულმა ომარ ტომასმა გაათანაბრა ანგარიში. თუმცა, მასპინძლებმა მალე მიაღწიეს უპირატესობას, ბოლო 10 წუთში კი კითხვა, ვინ გაიმარჯვებდა ამ დაპირისპირებაში, საბოლოოდ მოიხსნა, იუწყება „ვითიბის“ ერთიანი ლიგის ოფიციალური პორტალი.
„ჩვენ ისევ გვაქვს შემადგენლობის მხრივ პრობლემები. თუმცა მეტოქეს ნამდვილი ბრძოლა მაინც გავუმართეთ. იმდენი კალათბურთელიც არ გვყავს, რომ 5X5-ზე ვივარჯიშოთ", — განაცხადა მატჩის შემდეგ „ვითას“ მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაის მაზურსმა.
ტურნირის მიმდინარე გათამაშებაში „ვითას“ ერთხელაც არ მოუგია და სერიის შეწყვეტას მომდევნო მატჩში შეეცდება, როდესაც 16 იანვარს გასვლით თამაშს ვოლგოგრადის „კრასნი ოკტიაბრთან“ გამართავს.