თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს, 8 იანვარს შეშფოთება გამოხატა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ წყალბადის ბომბის სავარაუდო გამოცდის გამო.
ჩრდილოეთ კორეამ 6 იანვარს განაცხადა წყალბადის ბომბის გამოცდის ჩატარების შესახებ, რომლის არსებობაზეც ადრეც განაცხადა. მეზობელმა ქვეყნებმა, პირველ რიგში სამხრეთ კორეამ და იაპონიამ სიტუაცია საგანგაშოდ გამოაცხადეს და პირობა დადეს რომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციების დაწესებას შეეცდებიან.
„საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას, რომ მსგავსი ქმედებები ემუქრება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას… ყველა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, — ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.