თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახს აშშ-ის პრეზიდენტის სახელით ამერიკული ჯილდო, ბრინჯაოს ვარსკვლავი გადასცა. I კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ს პრეზიდენტმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის დაჯილდოვდა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. 1994 წელს დაბადებული ვასილ ყულიჯანაშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.
„ვასილ ყულჯანიშვილი არის პირველი ქართველი სამხედრო, ვისი სახელობის მემორიალიც გაიხსნა ამერიკაში, იმ ბაზაზე, რომლის სარდლობის ქვეშაც მსახურობს ქართული ჯარი ავღანეთის ამ კონკრეტულ მიმართულებაზე. ამერიკის პრეზიდენტმა პირადად გამოგზავნა ვარსკვლავი, რომელიც ასევე განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაეცემათ ხოლმე სამხედრო მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემდეგ“, — განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ბრინჯაოს ვარსკვლავი -აშშ-ს მნიშვნელობით მეოთხე ჯილდოა, რომელიც 1944 თებერვალში დაწესდა. მას გადასცემენ სამხედროებს განსაკუთრებული მიღწევების ან მამაცობისათვის.
ოპერაცია „მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support Mission) -ნატოს არასაბრძოლო მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდაჭერის მიზნით 2015 წლის 1 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მისია დასრულდა. 2015 წლის დასაწყისში ქაბულში, ყანდაგარში, გერატში, მაზარი-შარიფში 12 ათასამდე ადამიანი განთავსდა.