თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. ამჟამად თურქეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის დაწესება არ იგეგმება, განუცხადა ჟურნალისტებს პარასკევს, 8 იანვარს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
გუშინ რიგმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2016 წლის ზაფხულიდან თურქეთი 89 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, რუსეთთან და აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის ამოქმედებას გეგმავს. სავიზო რეჟიმის დაწესება, თითქოსდა, ევროკავშირის მოთხოვნაა, რომელიც თავად თურქეთთან უვიზო რეჟიმზე იწყებს დიალოგს.
„ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ რაიმე საჭიროებას, ან ისეთ გარემოებას, რამაც შეიძლება შეცვალოს ჩვენს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი“, — განაცხადა ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.
„ამჟამად თურქეთსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დიალოგი იწყება. როგორც ჩანს, ამ მოვლენასთან არის დაკავშირებული გავრცელებული დეზინფორმაცია, რომ ზაფხულიდან სავიზო რეჟიმი ამოქმედდება“, — განუცხადა კოპლატაძემ ჟურნალისტებს.
ამჟამად საქართველოსა და თურქეთს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, უფრო მეტიც, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში ჩასვლა შიდა დოკუმენტით — თანამედროვე ფორმატის პირადობის დამადასტურებელი მოწმობით შეუძლიათ.
ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა 2015 წლის ნოემბრის ბოლოს განაცხადა, რომ ევროკავშირს თურქეთთან უვიზო რეჟიმის დაწესება, აუცილებელი კრიტერიუმების შესრულების შემთხვევაში, 2016 წლის შემოდგომაზე შეუძლია.