თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნოდარ ხადურსა და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრ ბიულენთ თუფექჩის შეხვედრაზე ბათუმში საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის გააქტიურებაზე იმსჯელეს, იუწყება საქართველოს ფინანსთან სამინისტრო.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშომლობის საკითხები, მათ შორის საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვა, ტურისტული და სატრანსპორტო ნაკადების ზრდის ხელშეწყობა და სხვა თემები.
ეს თურქი მინისტრის პირველი საერთაშორისო ვიზიტია მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მინისტრებმა ერთად დაათვალიერეს სარფის საბაჟო პუნქტი და საბაჟო პროცედურებს გაეცნენ, განაცხადეს ფინანსთა სამინისტროში.
ხადურმა აღნიშნა, რომ ორმხრივი პარტნიორობის გარდა, ორ ქვეყანას აერთიანებს ისეთი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტები, როგორებიცაა აბრეშუმის გზის რკინიგზისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, რომლებშიც ასევე ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკა.
„დადგა დრო, როცა ჩვენი ქვეყნები უნდა გასცდნენ ორხმრივი თანამშრომლობის ფორმატს და თანამშრომლობა გაგრძელდეს სამმხრივ ფორმატში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივად, სამივე ქვეყნის ძალისხმევით. ჩვენი თვალსაწიერი უნდა მოიცავდეს მთლიანად, რეგიონულ სატრანსპორტო დერეფანს, სადაც შედის საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და რომლის განვითარების პერსპექტივა ასევე მოიცავს თურქმენეთს, ყაზახეთს და სხვა დაინტერესებულ სახელმწიფოებს,“ — განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეხვედრაზე თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის საქმეთა მინისტრმა თურქეთის მთავრობის სახელით ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოთქვეს მზადყოფნა საბაჟო სფეროში შესაბამისმა სამსახურებმა ოპერატიულ რეჟიმში გაცვალონ ინფორმაცია და მონაცემები, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებასა და ნდობის ამაღლებას ორი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციას შორის.
თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2015 წლის 11 თვეში დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,3%–ით ნაკლებია. თურქეთთან ბრუნვამ საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15,5% შეადგინა.