თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ბაშიკის საწვრთნელ ბანაკზე თავდასხმის მცდელობისას „ისლამური სახელმწიფოს“ 18 ბოევიკია განადგურებული, — იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო 17 ბოევიკი.
ამას გარდა, ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქი სამხედროები ტერორისტული დაჯგუფების შეტევისას არ დაშავებულან. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თურქეთი ერაყის ჩრდილოეთით საერთაშორისო ნორმების შესაბამისად მოქმედებს“, — იუწყება სააგენტო.
ერდოღანის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების მცდელობამ, თავს დასხმოდნენ ბაშიკის ბანაკს, აჩვენა, რომ ერაყში თურქული არმიის განთავსება მართებული გადაწყვეტილება იყო.