თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამოქმედი სტრუქტურის — საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის გამოყოფილი დამატებითი ხარჯებით უკმაყოფილოა, აღნიშნულია ეროვნული ბანკის პრესსამსახურის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს დაფინანსებაა გათვალისწინებული, რომლის ფუნქციონირების დაწყებაც 2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერდა.
„ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, — აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, ორშაბათს, 12 ოქტომბერს იმ საკანონმდებლო ნორმების მოქმედება შეაჩერა, რომლის საფუძველზეც ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციონირება უნდა დაეწყო.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული შესწორებების თანახმად, ფინანსური სამეთვალყურეო სააგენტოს უფლებამოვალეობებში იქნება ლიცენზირების უფლებები, შემოწმებები და რეგულაციები, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების შეზღუდვების დადგენები და სანქციები.