თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციებს ეროვნული ბანკი შეასრულებს, აღნიშნულია სასამართლოს განცხადებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ოპოზიციური პარტიების სარჩელის საფუძველზე, ორშაბათს, 12 ოქტომბერს იმ საკანონმდებლო ნორმების მოქმედება შეაჩერა, რომლის თანახმად ფინანსური მეთვალყურეობის სააგენტოს ფუნქციონირება უნდა დაეწყო. ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ მეთვალყურეობის სამსახურის ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან გამოყოფა უფრო პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი, ვიდრე ეკონომიკური აუცილებლობით.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების მოქმედებას შეეძლო ეჭვქვეშ დაეყენებინა არა მხოლოდ ქვეყნის საფინანსო-საბანკო სექტორის მდგრადობა, არამედ გამოეწვია კონკრეტული პირების (საბანკო ურთიერთობის მონაწილეების, ინვესტორების, მეანაბრეების) უფლებებისა და ინტერესებისათვის გამოუსწორებელი შედეგი“, – განმარტეს საკუთარი გადაწყვეტილება სასამართლოში.
სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელეთა განმარტებით, სააგენტოსთვის გადაცემულ იქნა ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელება აუცილებელია ფინანსური სექტორის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისთვის, რაც საქართველოს კონსტიტუციის 95-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების მიხედვით, მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის კომპეტენციას მიეკუთვნება.
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა 22 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. პარლამენტმა მიიღო შესწორებები, რომლებიც ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან სამეთვალყურეო სამსახურის გამოყოფას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტის მიღებული შესწორებების თანახმად, ფინანსური სამეთვალყურეო სააგენტოს უფლებამოვალეობებში იქნება ლიცენზირების უფლებები, შემოწმებები და რეგულაციები, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ორგანიზაციების შეზღუდვების დადგენები და სანქციები.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინანსური მეთვალყურეობის ფუნქციების ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაშ დატოვებასა და მისი დამოუკიდებლობის გაძლიერებას მოითხოვდა, თუმცა, პარლამენტმა პრეზიდენტის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და 2015 წლის 11 სექტემბერს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები ამოქმედდა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საბანკო მეთვალყურეობის შესახებ ცვლილებების მოწინააღმდეგეთა კრიტიკისას განაცხადა, რომ კანონპროექტზე „ხელოვნური აჟიოტაჟი“ „ინვესტორების შეშინების“ მიზნით „უპასუხისმგებლო“ კრიტიკოსებმა ატეხეს.