თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. Brent-ის ბარკის ნავთობზე ფიუჩერსების ღირებულება კვლავ ეცემა, მან 4%-ზე მეტი დაკარგა და ბარელის ფასი 33 აშშ დოლარის ქვევით დაიწია, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით.
სააგენტოს მონაცემებით, ასეთი დაბალი მაჩვენებელი პირველად 2004 წლის აპრილში დაფიქსირდა.
სააგენტო აღნიშნავს, რომ ფასების ვარდნა ჩინეთის ბაზარზე არსებულ ვითარებასა და აშშ-ის ნავთობის მარაგების ზრდას უკავშირდება.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა ხუთშაბათს იუანის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0,51%-ით დაწია, რაც აგვისტოს შემდეგ მინიმუმი მაჩვენებელი გახდა. ხუთშაბათს აშშ დოლარის კურსმა 6,5646 იუანი შეადგინა — ეს 2015 წლის აგვისტოს შემდეგ მინიმუმია, როდესაც ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა თავისი ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით მკვეთრად შეასუსტა.
აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ბენზინის მარაგი ერთ კვირაში, 1 იანვრამდე 10,6 მილიონი ბარელით გაიზარდა. ამან ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც მაჩვენებლის ზრდას 1,8 მლნ ბარელით ვარაუდობდნენ.
კონფლიქტმა ახლო აღმოსვლეთ რეგიონში ასევე იმოქმედა ნავთობის ფასებზე. შაბათს საუდის არაბეთის შსს-მ 47 ადამიანის, მათ შორის შიიტი მქადაგებლის ნიმრ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა. თეირანმა სიკვდილით დასჯა მკაცრად დაგმო, ირანში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, კერძოდ თავს დაესხნენ თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს და ეშჰადში — საკონსულოს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადილ ალ-ჯუბეირმა ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადა.