თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, შესაძლოა, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი გახდეს, იუწყება ქართული მედია.
"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც 2015 წლის 23 დეკემბერს, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობის დატოვებისა და პარტიული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. 29 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ახალ მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ნდობა გამოუცხადა.
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, მმართველ პარტიას პოლიტსაბჭო ხელმძღვანელობს. ექსპრემიერ ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ფორმალურად აქვს შენარჩუნებული. „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ ახალ თავმჯდომარეს მმართველი პარტია 2016 წლის გაზაფხულზე, პარტიის ყრილობაზე აირჩევს.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი პარტიის წევრი არ არის, "ქართული ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ კვირიკაშვილი პარტიის წევრი გახდება და მის თავმჯდომარეობაზეც არ იტყვის უარს.
უფრო ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობას გეგმავდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.