თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიპარამენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის სამი წევრის კანდიდატურას დასამტკიცებლად იანვრის ბოლოს წარუდგენს, განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
„საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს განიხილავს. ამ კუთხით, პროფესიონალურ დისკუსიებს მივესალმებით, თუმცა არც პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არც მაკროეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით, არ იქნება და ვერ იქნება ღია პროცესით შერჩეული კანდიდატის არდამტკიცება“, — განაცხადა აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი სიტყვებით, ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ექსპერტებთან, არასამთავრობო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.
„ვფიქრობ, კანდიდატი იანვრის ბოლომდე დასახელდება“, — აღნიშნა მან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტი პარლამენტს ახალ კანდიდატს წარუდგენს, რომელიც 7 წლის ვადით აირჩევა.