ლალი ნოზაძე
4 იანვარს, თბილისში დელისის მეტროს ჩასასვლელთან სამწუხარო ფაქტი მოხდა — 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი უსახლკარო იყო და გაიყინა, თუმცა მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია.
ოფიციოზი ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში უსახლკაროები ქუჩაში აღარ იღუპებიან, მას შემდეგ, რაც 2013 წლის დეკემბერში თბილისის მერიამ მოსკოვის პროსპექტზე უსახლკაროებისთვის პირველი თავშესაფარი გახსნა. თავდაპირველად თავშესაფარი 23 კარავს წარმოადგენდა, რომელთაგან თითოეული 10 ადამიანისთვის იყო გათვალისწინებული და იქ განთავსებული უსახლკაროები საკვებით, შეშის ღუმელით, ტელევიზორით და სარეცხი და ჰიგიენის საშუალებებით მერიამ სრულად უზრუნველყო.
2015 წლის დეკემბერში კი მერიამ ლილოს დასახლებაში ახალი თავშესაფარი ააშენა, სადაც კარვებში მცხოვრები 200-მდე ადამიანი გადაიყვანა. თავშესაფარი მთლიანობაში 240 ადამიანზეა გათვლილი და ის მხოლოდ საკუთარი სურვილით მისულ ადამიანებს მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ უსახლკაროთა თავშესაფარზე იზრუნა, დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, რომელიც უსახლკაროს სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს განსაზღვრავს და თუ არსებობს, ისეთი ბუნდოვანია, რომ შეიძლება ადამიანი იყოს უსახლკარო, მაგრამ მასზე დაყრდნობით ვერ მიიღოს ეს სტატუსი — ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილი. მისმა ორგანიზაციამ უმუშევართა აღწერა 2011 წლიდან დაიწყო, რა დროსაც გამოიკვეთა ბენეფიციართა უსახლკარობის მწვავე პრობლემებიც.
„ჩვენ გაეროს საკონსულტაციო ორგანიზაციის დახმარებით, რომელიც მთავარი ავტორიტეტია ევროპის მასშტაბით უსახლკაროთა საკითხებში, შევიმუშავეთ კანონპროექტი უსახლკაროთა შესახებ“ — განაცხადა იოვაშვილმა.
კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ევროპული ქვეყნების კანონმდებლობებზე დაყრდნობითაა მომზადებული და საქართველოს პირობებზეა მორგებული, უსახლკაროთა 4 კატეგორია განისაზღვრება. პირველ კატეგორიაში შედიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ღია ცის ქვეშ არიან დარჩენილნი, მეორეში-ვისაც აქვს რაღაც საცხოვრებელი, მაგრამ იქ ცხოვრება არ შეიძლება, მესამე კატეგორიას განეკუთვნებიან ისინი, ვინც დროებითი სახის თავშესაფარში ცხოვრობს ქირით, ხოლო მეოთხეს ისინი, ვინც ამ ეტაპზე არ არიან უსახლკაროდ, თუმცა ელოდებიან გამოსახლებას, სასამართლოს ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ორგანო, უმჯობესია ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის სახით, რომელსაც კანონპროექტი უფლებამოსილებას მიანიჭებს და დაავალდებულებს უსახლკაროთა საკითხები დაარეგულიროს.
„კერძოდ, სააგენტომ ყოველწლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიმუშაოს, რის საფუძველზეც გამოიყოფა ბიუჯეტი და უსახლკაროებისთვის შეიქმნება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფონდი“-განაცხადა თამარ იოვაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში უკვე იციან „უსახლკაროთა შესახებ კანონპროექტის“ შესახებ, ჯერ კიდევ გაურკვეველია როდის მოხდება მისი ინიცირება. უსახლკაროთა რიცხვი კი, გარდა თბილისში აშენებულ ერთადერთ თავშესაფარში განთავსებული 200-მდე ადამიანისა, არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით შთამბეჭდავია და დედაქალაქში 1100-ია, ხოლო რეგიონებში 2000-ზე მეტი.