თბილისში უსახლკაროთა რიგები შეიძლება ხუთასზე მეტმა ადამიანმა შეავსოს

"რია–ნოვოსტის" პრეს–ცენტრი
რია–ნოვოსტის პრეს–ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” ფარგლებში გაირკვა, რომ ამ დროისთვის ე. წ. თბილისის ზღვის დასახლებაში მცხოვრებ 107 ოჯახსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს, რომელიც მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცლის შემთხვევაში დროებითი საცხოვრებლის ქირის გადახდას ეხება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” კოორდინატორი მადლენა ხუროშვილი დარწმუნებულია, რომ თუ თბილისის ხელისუფლება თბილისის ზღვის ტერიტორიის მოსახლეობას საცხოვრებელ ფართთან დაკავშირებით არ დაეხმარება, დედაქალაქის ”უსახლკაროთა რიგებს კიდევ 107 ოჯახი შეავსებს”. ამის შესახებ მან ხუთშაბათს, 11 ივნისს სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ორგანიზაციის ”უმუშევათა კავშირი დასაქმებისთვის” წარმომადგენლებმა საქართველოში სოციალური პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” განხორციელების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს. პროექტმა თბილისში რამდენიმე თვის წინ აიღო სტარტი. ის როზა ლუქსემბურგის (გერმანია) ფონდის მოსკოვის განყოფილების და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება. თავად ორგანიზაცია 2011 წელს დაფუძნდა.

”ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გადაწყვიტა, თხოვნით მიემართა ნაძალადევის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის, ზაზა გაბუნიასთვის, რომ ის ყურადღებით მოეკიდოს ამ ხალხის ბედს”, — განაცხადა მადლენა ხუროშვილმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, 10 წლის წინ 107 ოჯახი ე. წ. თბილისის ზღვის დასახლებაში, მიტოვებულ და დაუმთავრებელ სახლებში თვითნებურად შესახლდა. მათ საკუთარი ძალებით მოაწყვეს საცხოვრებელი ფართები. მაგრამ 2015 წელს გაირკვა, რომ ამ კორპუსების ბინებს ახალი მფლობელები ჰყავთ, რომლებიც საჯარო რეესტრში არიან რეგისტრირებულნი.

”ეს ადამიანები, ახალი მფლობელები, მუდმივად მიდიან და მოითხოვენ, რომ თავის დროზე თვითნებურად შესახლებულებმა დატოვონ ეს ნაგებობა”, — აღნიშნა 

პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” ფარგლებში გაირკვა, რომ ამჟამად ამ 107 ოჯახსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს, რომელიც მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დაცლის შემთხვევაში დროებითი საცხოვრებლის ქირის გადახდას ეხება.

 

”შესაბამისად, გამოსასახლებელ ოჯახებს უჩნდებათ სრულიად კანონიერი პრეტენზიები, რომ ეს დაპირება იურიდიულად გაფორმდეს, გადაიტანონ ქაღალდზე ყველა ნორმის დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია შანსი, რომ კიდევ 107 ოჯახი ჩვენი ქალაქის ქუჩებში უსახლკაროთა რიგებს შეავსებს“, – განმარტა მადლენა ხუროშვილმა.

ამასთანავე, პროექტის კოორდინატორმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელს ამ 107 ოჯახის პრობლემებისათვის ყურადღების თხოვნით მიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარემ თამარ იოვაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტის ”უსახლკაროთა პირისპირ” ფარგლებში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების რეგისტრაცია მიმდინარეობს და ამ სიაში უკვე ორი ათასზე მეტი ოჯახია.

”ორი ათასზე მეტი ოჯახი უკვე რეგისტრირებულია და შეყვანილია ელექტრონულ ბაზაში. ესე იგი, ამ ადამიანებმა უკვე გაიარეს ყოველგვარი შემოწმება, რომ მათ არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნიათ. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩვენთან ოფისში, მოგვმართავენ და რეგისტრაციას გადიან, ასევე თბილისში უსახლკაროთა კომპაქტური დასახლების ადგილებში აგენტები გადიან”, — განაცხადა იოვაშვილმა.

მისი თქმით, პროექტის მიმდინარეობისას გაჩნდა იმ ორგანიზაციებთან კონტაქტის აუცილებლობა, რომლებიც ევროპაში მსგავს საკითხებზე მუშაობენ. მათ შორის  ყველაზე მსხვილი კომპანიაა ”FEANTSA”. 

”1-2 ივნისს ბრიუსელში ვიმყოფებოდი, სადაც შეხვედრები ჩავატარე. მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრები ძალზე ნაყოფიერი იყო, ასე რომ ჩვენ, პირველ რიგში, დახმარებაზე თანხმობა მივიღეთ, ესე იგი, დაინიშნება ყოველთვიური Skype-კონფერენციები. ამ Skype-კონფერენციების მსვლელობისას კანონპროექტზე მუშაობასთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხების განხილვას ვგეგმავთ. ასევე მივიღეთ უფლება, გავხდეთ  "FEANTSA"-ს სრულფასოვანი წევრი”, — აღნიშნა თამარ იოვაშვილმა. 

იოვაშვილის თქმით, საუბარია კანონზე, რომელიც უსახლკაროთა სტატუსის რეგულაციას განახორციელებს. ”ამჟამად საქართველოს კანონმდებლობაში ცნება უსახლკაროს დეფინიცია არ არსებობს. კანონი ამ ადამიანების დახმარების თვალსაზრისით სახელმწიფოს ვალდებულებებს დაარეგულირებს”, — განაცხადა ორგანიზაციის ”უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” თავმჯდომარემ.

 


ყველა ახალი ამბავი
0