თეონა გოგნიაშვილი
წელს სათხილამურო სეზონი გუდაურში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამოქმედებით დაიწყო. კურორტზე დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი, რომელიც 1100 მეტრიანი ტრასის გათოვლიანებას უზრუნველყოფს. გუდაურის, როგორც სამთო–სათხილამურო კურორტის განვითარების გეგმაზე, ე.წ. „მასტერპლანზე“ მუშაობა ქართულმა მხარემ კანადურ კომპანია „ეკოსაინისთან“ ერთად დაიწყო. თუმცა ამ გეგმის დამუშავების დროს სამწუხაროდ არავის უკითხავს იმ ადამიანის კომპეტენტური აზრი, რომელმაც ეს კუროტი აღმოაჩინა და მისი განვითარების საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის. სამართლიანობა მოითხოვს, საზოგადოებას ეს პიროვნება, ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალი შევახსენოთ. მით უფრო, რომ მას ქართველების წინაშე სხვა დამსახურებაც აქვს.
როცა მალოვიჩკოების ოჯახი თბილისში დასახლდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და მათი შვილის, ვადიმ მალოვიჩკოს სახელს საქართველოს უმთავრესი მთიანი კურორტის, გუდაურის აღმოჩენის ფაქტს დაუკავშირებდნენ. ბატონი ვადიმის დედა, ნინო დგებუაძე პიანისტი იყო, მამა, ვიქტორ მალოვიჩკო თეთრგვარდიელი, რომელიც თავის დროზე ყირიმიდან გამოიქცა. მას მერე ისინი თბილისში ცხოვრობდნენ. ბატონმა ვადიმმა სათხილამურო სპორტში გამოზარდა დაახლოებით 1500 მოსწავლე, საიდანაც 20 დღეს წარმატებული მოთხილამურეა. ამასთან მან, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, 80-იან წლებში კომპიუტერის ქართული შრიფტი გამოიგონა. ვადიმ მალოვიჩკო გაეროს ქვეყნების ხანშიშესულ სპორტის მოყვარულთა ორგანიზაციის პრეზიდენტია და მას არა ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ეკუთვნის. მას ახალი წლის დღეებში გავესაუბრეთ.
-ბატონო ვადიმ, როგორ მოხდა, რომ დღეს უკვე საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტი წლების წინ თქვენ აღმოაჩინეთ?
— ერთ ზამთარს ბაკურიანში რომ ჩავედი,ადგილზე საშინელი სიტუაცია დამხვდა. გაფუჭებული საბაგიროები, სათხილამუროდაც ცოტა ადგილი იყო. მივხვდი, რაღაც ახალი იყო საჭირო, დიდი ხნის ძებნის მერე აღმოვაჩინე ადგილი, სადაც მზეც არის, არაჩვეულებრივი ტრასებიც და ისეთი ყინვები, რომ თოვლი დიდხანს არ დნება. ჩვენს ჯგუფში მაშინ სოლიკო ხაბეიშვილიც შედიოდა. დავიწყეთ სამუშაოები, მოკლე ხანში რაღაც დიდი უნდა გაგვეკეთებინა, სამუშაოდ კარგი პირობები გვქონდა. დიდი ბჭობა მიდიოდა იმის თაობაზე, შევძლებდით თუ არა ამ ადგილისთვის ზამთრის კურორტის საბოლოო იერსახე მიგვეცა. შემდეგ თანდათან სასტუმროს კომპლექსი და საბაგიროებიც აშენდა. გუდაური უნიკალური ადგილია იმ თვალსაზრისით, რომ აქ ყველა ტრასა ერთმანეთთან ახლოსაა. ბევრ ქვეყანაში კი იმისთვის, რომ ერთი ტრასიდან მეორესთან მიხვიდე, მინიმუმ 70 კილომეტრის გავლა გიწევს.
-დღეს თუ მონაწილეობთ გუდაურის განვითარების საქმეში?
— სხვათა შორის, სააკაშვილის დროიდან მოყოლებული დღემდე მთავრობას კარგად შერჩეული კადრები არ ჰყავს, თორემ როგორ შეიძლება, მე, რომელმაც გუდაურში ყველაფერი მოვიფიქრე და ჩემი ხელითაა იქ ყველაფერი გაკეთებული,- ამ კურორტის განვითარების პროცესში ჩართული არ ვიყო?! გუდაურში ტრასები სერთიფიცირებულია, ანუ იქ ოლიმპიადებისა და სხვადასხვა ჩემპიონატების ჩატარება თავისუფლადაა შესაძლებელი. ეს ალბათ ბევრმა არც იცის, ან ჰგონიათ, რომ სადაც ტრასას დაინახავენ, ჩემპიონატის ჩატარება ყველგან შეგიძლია. ამ ეტაპზე ტრასები ფაქტობრივად დაზიანებულია, იმიტომ, რომ იქ ველოტრასები გააკეთეს. გუდაურის განვითარება სულ სხვა გზით უნდა წასულიყო, ახლა კი მხოლოდ ტრასებს აზიანებენ და ფართობს ავიწროებენ.
-შესაძლოა, ახალმა თაობამ არ იცოდეს, რომ კომპიუტერის ქართული შრიფტის გამოგონება თქვენ გეკუთვნის.
— ეს 80-იანი წლების ბოლოს მოხდა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ვარ, ადრე გამომთვლელ მანქანებზე ვმუშაობდი. სულ ვფიქრობდი, თუკი მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორის ქართული ანბანიცაა, კომპიუტერის ქართული შრიფტი რატომ არ უნდა გვქონოდა?! ამიტომ ამ საკითხზე ვიმუშავე და ეს შრიფტიც შევქმენი.
-თქვენ,,თავისუფალი ფრენის“ მოყვარული ხართ, ანუ მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, განვმარტავ, რომ საჰაერო ბურთებით, აეროსტატით ფრენა ვიგულისხმე…
— ჩემს მეგობარს, ჟელეზნოვოდსკში საჰაერო ბუშტების ფიესტა ჰქონდა და ეკიპაჟში ჩამრთო. როცა იქ ვიფრინეთ, შემდეგ თბილისში წამოვედით და აქაც დავიწყეთ ფრენა. შემდეგ თავისუფალ ფრენაზე გადავედით და ფონიჭალიდან რუსთავში გადავფრინდით. მოგვიანებით დაიბადა აზრი, რომ ბურთებით აბრეშუმის გზაზე გადავფრენილიყავით, პროექტიც მზად გვქონდა, მაგრამ დაიწყო 90-იანი წლების „ბრახა-ბრუხი“ და ეს პროექტიც ჩაიშალა.ახლა „თიბისი“ ბანკთან ერთად 20 ბურთიან ფიესტას ვამზადებ, რომელიც მარტში იქნება. აგრეთვე აბრეშუმის გზის პროექტიც მინდა წარვადგინო.
-ბატონო ვადიმ, თქვენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი ბრძანდებით, რომელიც საკრებულომ მოიწონა…
— კარგად იცით, რომ მსოფლიოში შშმ-პირებისთვის საერთაშორისო ოლიმპიადა, სახელად ,,პარა-ოლიმპიადა“ ტარდება, მე შემოვედი ინიციატივით, რომ ოლიმპიადა ხანშიშესული პირებისთვისაც ჩატარდეს. თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა ჩემს მიერ წარმოდგენილ პროექტს, რომელსაც დავარქვი,,ოლდ-იმპიადა“, მისი მიზანი ხანშიშესული სპორტსმენების მაქსიმალური შესაძლებლობების გამოვლენა და მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებაა.
- ყველაზე უჩვეულო, თოვლიანი ახალი წელი გაიხსენეთ.
— უჩვეულო ახალი წელი გუდაურში მახსენედება. 1986 წელი იყო და მახსოვს, 4 მეტრიანი თოვლი მოვიდა. მაშინ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ვმუშაობდი და მთელი კოლექტივი ვქეიფობდით- ახალ წელს აღვნიშნავდით. 11 დღის განმავლობაში თოვლის ტყვეობაში ვიყავით. მოკლედ 1500 კაცი გუდაურში ჩავიკეტეთ, თოვა 3 საათზე დაიწყო.კოტეჯიდან გარეთ გავედი და ვხედავ, იმსისხო ფანტელები ცვიოდა ციდან, რომ გზა უკვე დაფარული იყო. კოტეჯში შემოვბუნდი და გამოვაცხადე, ვისაც დარჩენა არ გინდათ, დროზე გაასწარით მეთქი. ვისაც შეეშინდა უცებ გაიქცა, მაგრამ ერთმა მანქანამ მაინც ვერ მოასწრო გასვლა. ბოლოს გუდაურიდან ვეტმფრენმა გამოგვიყვანა. ჩემს მეუღლეს, მანანა დუმბაძეს ამ ამბავზე მოთხრობაც აქვს დაწერილი. მართლაც საინტერესო დრო იყო და ის უჩვეულო ამბავი და ახალი წელიც კარგად გვახსენედება…
-საახალწლო სურვილებიც გექნებათ…
— ჩემი საახალწლო სურვილი ასეთია, საქართველომ მიხედოს ვეტერანებს, ხანშისეშეულ მეცნიერებს და მათი ინტელექტუალური პოტენციალი გამოიყენოს. ახალმა თაობამ ბევრი რამ არ იცის, გამოცდილება აკლია. ნუ დავკარგავთ ძვირაფს ხალხს… ისინი სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ და იგნორირებას ნუ ვუკეთებთ. ქვეყანას მათი გამოცდილება და რჩევები სასიკეთოდ წაადგება. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ…
-მეც გილოცავთ და მადლობა საუბრისთვის.