თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია კანონპროექტი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან ავტოსაგზაო დარღვევებზე საჯარიმო ქულების დანერგვას ითვალისწინებდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი სისტემის თანახმად, მძღოლის მართვის მოწმობაზე უნდა დარიცხულიყო 100 ქულა, რომელსაც თანდათან დააკლდებოდა გარკვეული რაოდენობა იმის მიხედვით, თუ რა სახის დარღვევა დაუფიქსირდებოდა მძღოლს, ხოლო ქულების სრულად ამოწურვის შემთხვევაში, ავტომფლობელს მართვის მოწმობა ჩამოერთმეოდა.
„2016 წლის 1 იანვრიდან მართვის მოწმობაზე მინიჭებული შეფასების ე. წ. 100 ქულიანი სისტემა არ ამოქმედებულა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული ინიციატივა პარლამენტის განხილვის საგანია და ჯერ მხოლოდ კანონპროექტის სახითაა წარმოდგენილი“, — წერს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე შსს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ქულები არ ჩამოიჭრება ვიდეორეგისტრატორით დაფიქსირებულ დარღვევათა გამო.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნული კანონპროექტი 2015 წლის 3 დეკემბერს წარადგინა მთავრობის სხდომაზე.