თბილისი, 4 იანვარი —Sputnik. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში, 31 დეკემბრიდან დღემდე 700-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისაგან და თითოეულზე მყისიერი რეაგირება მოხდა, იტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო.
მეოთხე დღეა საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობაა, რამაც პრობლემები გამოიწვია გზებზე. აჭარის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ზვავსაშიშროების გამო გადაკეტილია საქართველოს სამხედრო გზა.
„მაშველებმა თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სამარშრუტო ტაქსები და სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის პირობებისთვის შეუსაბამო საბურავების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ“ — ნათქვამია შეტყობინებაში.
წყალტუბოში, ცხუნკურის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილ რამდენიმე ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მაშველებმა სპეცტექნიკით გამოიყვანეს ცაგერში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად თოვლში ჩაფლული მანქანები; ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში მყოფ დედებს კი — წყალი და საკვები მიუტანეს.
შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც დაეხმარა, რომლებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტის სოფლებიდან მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.
უკვე მესამე დღეა, ლაგოდეხის რაიონში დაკარგული სამი პიროვნების საპოვნელად ინტენსიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.