თბილისი, 4 იანვარი – Sputnik. აშშ–მა საუდის არაბეთის მიმართ ზომები უნდა მიიღოს, რომელმაც სიკვდილით 47 ადამიანი დასაჯა, განაცხადა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ამერიკულ–ირანული საბჭოს ხელმძღვანელმა ჰუშანგ ამირაჰმადიმ RT–სთან ინტერვიუში.
საუდის არაბეთის შსს–მ 2 იანვარს 47 ადამიანის, მათ შორის ცნობილი შიიტი მქადაგებლის ნიმრ ან ნიმრის სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა.
პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ დასჯილს ასეთი ბედი არ დაუმსახურებია.
„ის (ან–ნიმრი) სამეფოში შიიტების უფლებებს იცავდა, მაგრამ ის არ ყოფილა ადამიანი, რომელიც რეჟიმის შეცვლას გეგმავდა. ამის გამო ეს სიკვდილით დასჯა აზრს მოკლებულია. ვფიქრობ, რომ აშშ–მა უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე ერ–რიადის კრიტიკაა. ვაშინგტონმა უნდა დაგმოს საუდის არაბეთი და შეაჩეროს ის“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ ბოლო დღეებში საუდიტებზე კონტროლი დაკარგულია. ისინი იემენსა და ბაჰრეინში შიიტ ლიდერებსა და უბრალო შიიტებს ხოცავენ, აღნიშნავს ამირაჰმადი.
„მათი შეჩერება აუცილებელია. ვფიქრობ, რომ აშშ–ის მთავრობამ ნათლად უნდა მიუთითოს, რომ საუდის არაბეთს ასე გაგრძელება აღარ შეუძლია“, – განაცხადა ექსპერტმა.
საუდიტები აშშ–ის მეკავშირეები არიან, ამიტომ ისინი გავლენას ახდენენ ვაშინგტონის რეპუტაციაზე არა მხოლოდ შიიტებს შორის, არამედ მთლიანად ისლამურ სამყაროში, დასძინა პოლიტოლოგმა.
ამირაჰმადის აზრით, კონფლიქტი არა საუდის არაბეთსა და ირანს შორის, არამედ შიიტებსა და სუნიტებს შორისაა.
„ისლამური სამყარო 1,6 მლრდ ადამიანს ითვლის, მათი უმეტესობა სუნიტია. უფრო მეტიც, ტერორისტები, რომლებიც მსოფლიოს ასე ტანჯავენ, ასევე სუნიტები არიან“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.
ამირაჰმადიმ აღნიშნა, რომ ამ პრობლემას ყველა მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღება და ორ ქვეყანას კონფრონტაცია შეაჩეროს, რადგანაც ისინი „ომის მდგომარეობაში“ იმყოფებიან.