თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. მიუხედავად სტერეოტიპისა, რომ იაპონელები გამუდმებით მუხლჩაუხრელად მუშაობენ და მხოლოდ ჭამისა და ძილის დროს ისვენებენ, წინასაახალწლოდ და ახალი წლის დღეებში ისინი სულ სხვაგვარად იქცევიან. კალენდარში დღესასწაულად მხოლოდ 1 და 2 იანვარია მონიშნული, მაგრამ იაპონელები სულ უფრო ხშირად იწყებენ დასვენებას ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე. ძველი წლის ბოლო დღეს იაპონიაში ბევრი ბანკი ისვენებს და თავად სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებიც კი შემცირებული შემადგენლობით მუშაობენ.
და ეს გასაგებია: მთელი ძალა საახალწლო სამზადისზე იხარჯება, კერძოდ — გენერალურ დასუფთავებაზე. როგორც წესი, დასუფთავებას ერთი თვით ადრე იწყებენ, ხოლო ძირითად „შეტევას“ ბოლო სამი დღის განმავლობაში ახორციელებენ. ამ პერიოდში იაპონიაში რეცხავენ ყველაფერს: სახლებსა და ტაძრებს, სამუშაო ადგილებს. მანქანებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს. სიტყვები „გენერალური დასუფთავება“ ვერ ასახავს იმას, რაც ამ დროს იაპონურ ოჯახებში ხდება. ამოცანა ყველაფრის დასუფთავება კი არ არის, არამედ მტვრისა და ჭუჭყის იმ კუნჭულში პოვნა, სადაც ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. აფთიაქებსა და ამღაზიებში მკვეთრად იზრდება სარეცხი საშუალებების, სახეხების, ტილოებისა და ჯაგრისების ასორტიმენტი.
ტელეეთერი გადავსებულია იმგვარი გადაცემებით, რომლებიც მაყურებელს უნიტაზებისა და ნიჟარების ძნელად მისაწვდომი ადგილების გაწმენდასაც ასწავლის და სახლის პირობებში ისეთი საშუალებების დამზადებასაც, რომლებითაც ქვაბები, გაზქურები თუ ონკანები სარკესავით შეიძლება გალაპლაპდეს.
უსაქმურობის პირველი დღე
ახალი წლის პირველ დღეს აპონელები სპეციალურ საახალწლო კერძს — ოსეტის მიირთმევენ. ეს არის ორი–სამი ათეული სახეობის კერძის კრებული, რომელთაგანაც თითოეულს სიმბოლური დატვირთვა აქვს. წარსულში ოსეტის ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე ამზადებდნენ, რათა პირველი დღე ყოფილიყო ერთადერთი 365–ს შორის, როდესაც იაპონელი დედა არაფერს გააკეთებდა. ოსეტის ყველა ინგრედიენტი ისეთია, რომ რამდენიმე დღე არ ფუჭდება. ახლა ამ კრებულს ერთი ან ორი თვით ადრე უკვეთავენ ნებისმიერ მაღაზიაში. მისი მინიმალური ფასი 10 ათასი იენია (დაახლოებით 80 დოლარი), ხოლო მაქსიმალური — 50 ათას იენსაც (დაახლოებით 400 დოლარი) აღწევს.
თანამედროვე იაპონელებს, როგორც წესი, მაინცდამაინც კარგად არ ესმით თითოეული პროდუქტის რიტუალური აზრი. უფრო მეტიც, ოსეტის ცოტა თუ მიიჩნევს გემრიელად. მაგრამ ყოველი წლის 1 იანვარი აუცილებლად მისით იწყება.
ახალი წლის პირველი დღე ერთადერთია, როცა დილიდან სმა სამარცხვინოდ არ მიიჩნევა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ერი დილიდან ფეხზე ვერ დგას, თუმცა ქუჩაში ნასვამ კაცს ალმაცერად არავინ უყურებს.
იაპონიაში მიაჩნიათ, რომ ახალი წლის პირველ დღეს არც არაფერი უნდა აკეთო და არც ფული არ უნდა დახარჯო. თუ სახლიდან ვინმე გამოდის, ისიც მხოლოდ ტაძარ ხაცუმოდეში (ახლა ეს უკვე არა რიტუალი, არამედ კარგის მანიშნებელი სიმბოლოა), ან ნათესავებთან წასასვლელად.
კარგის მომასწავებლად მიიჩნევა მზის ამოსვლის შეხვედრაც. ეს არც ისე ძნელია, ვინაიდან ახალი წლის აღნიშვას იაპონელები ღამის პირველ საათზე ამთავრებენ — სხვაგვარად იშვიათად ხდება. წარმატებაზე ფანატიურად მონადირეებისათვის ტურისტული მოგზაურობები ეწყობა ფუძის მთაზე, რათა იქ შეხვდნენ ამომავალ მზეს. თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტიდან იღებს კურსს ფუძისკენ, გარს შემოუვლის მთას და უკან ბრუნდება. მიუხედავად მარშრუტის მანძილსა და მის ღირებულებას შორის არსებული შეუსაბამობისა, ეს მოგზაურობა დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ ბილეთებს რამდენიმე თვით ადრე ჯავშნიან.
იაპონელთა რწმენით, ახალი წლის ან მისი მომდევნო ღამის სიზმარი განსაზღვრავს, როგორი წელი გექნებათ. აუცილებელია ამ სიზმრის დამახსოვრება, რათა მერე განიმარტოს.