თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ საქმიანობას აღარ გააგრძელებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობამ 25 დეკემბერს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით გამოუცხადა ნდობა.
„გვინდოდა, რომ ის (ღარიბაშვილი) ჩვენთან ერთად დარჩენილიყო პარტიაში. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ის პარტიულ საქმიანობას თავს ანებებს. თუმცა, ის თვითონ გააკეთებს ამაზე განცხადებას. ვფიქრობ, რომ სადაც არ უნდა იყოს ბატონი ირაკლი, ის ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გააკეთებს… ის საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ნებისმიერი საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის“, — განაცხადა კობახიძემ ოთხშაბათს, 30 დეკემბერს ტელეკომპანა „იბერიის“ ეთერში.
უფრო ადრე მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობასა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია „ქართული ოცნების“ სიის პირველ ნომრად გასვლას გეგმავდა, თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. გარდა ამისა, იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტს ტოვებდა.
თავად ღარიბაშვილმა, სამომავლო გეგმებზე ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა, რომ დასაწყისისთვის დასვენება სურს.