"Sputnik საქართველო" მართლმსაჯულებისა და სასამართლო სისტემაში არსებულ ძირითად საქმეებსა და შედეგებზე მოგითხრობთ.
მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში ყველაზე ხშირად რეფორმირებადი და უკმაყოფილების გამომწვევი ინსტიტუტია. ის წელსაც, ტრადიციულად, არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.
საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი სასამართლოს სისტემასა და კანონის უზენაესობაზე მუშაობას განაგრძობს, ხოლო მათი ოპონენტები რეფორმის პროცესში მყოფი სისტემის კრიტიკით არ იღლებიან.
მართლმსაჯულების სუსტი ადგილები ქართულად
ქართული მართლმსაჯულების სისტემაში სამი მხარე არსებობს — მოსამართლე, ბრალდების მხარე და დაცვის მხარე. მათი უფლებები კანონით არის გარანტირებული და მკაცრად განსაზღვრული. თუმცა, 2015წელს საქართველოში მომხდარმა რიგმა მოვლენებმა მართლმსაჯულების მუშაობის დაცულობა და გარანტიები ეჭვქვეშ დააყენა.
2015 წლის დასაწყისში საქართველო კახეთის ყოფილი გუბერნატორის გიორგი სიბაშვილის პროცესს თვალყურს დიდი ყურადღებით ადევნებდა. სიბაშვილის საქმის პროკურორმა 15 სხდომა ზედიზედ გააცდინა. ექს-გუბერნატორმა ბორკილებიც კი დაიდო, რომ საქმის მიმართ პროკურატურის ყურადღება მიეპყრო. სიბაშვილი მე-16 სხდომაზე, როდესაც პროკურორი, როგორც იქნა, სხდომაზე გამოცხადდა, გაამართლეს.
კიდევ ერთი თემა, რამაც საზოგადოება ააღელვა, ნაფიც მსაჯულთა არშემდგარი განჩინება იყო. საქმე თბილისის ცენტრში 2015 წლის ივნისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას ეხებოდა. ნაფიცი მსაჯულები ვერ შეთანხმდნენ, დამნაშავე იყო თუ არა მთავარი ბრალდებული.
პროცესის ასეთმა დასასრულმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია და დეპუტატებმა სისტემის რეფორმირებაზე დაიწყეს საუბარი. ამჟამად მთავარი ბრალდებულის სასამართლო პროცესი ხელახლა მიმდინარეობს და მისი ბრალეულობის საკითხი ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ უნდა გადაწყვიტოს.
ქართული სასამართლოს მუშაობაზე საუბარი ასევე დასავლეთ საქართველოში, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში მომხდარმა შემთხვევამ გამოიწვია. ავტომობილის გატაცებისთვის განაჩენით უკმაყოფილო მსჯავრდებულმა მოსამართლესა და პროკურორს პირდაპირ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს დარბაზში სცემა. ინციდენტის შემდეგ ნაცემმა მოსამართლემ და პროკურორმა, მიყენებული დაზიანებების გამო, პატიმარს სასჯელის ვადა გაუხანგრძლივეს.
მართლმსაჯულება, რომელზეც საუბრობენ
მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა სასამართლოებმა 2015 წელს საშუალოდ 13 ათასი საქმე განიხილეს, საზოგადოება, ძირითადად, ყურადღებას რეზონანსულ ან პოლიტიკოსებთან მეტნაკლებად დაკავშირებულ საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას.
2015 წელს სასამართლოში ერთდროულად რამდენიმე ასეთი საქმე განიხილეს, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვასთან დაკავშირებული საქმე, 2006 წელს თბილისის ცენტრში ჩატარებული სპეცოპერაციის საქმე, სადაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ყველა ეს სასამართლო პროცესი გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდა.
ზურაბ ჟვანიას დაცვის ორი თანამშრომლის საქმე, რომელთაც სამსახურებრივ გულგრილობაში ედებოდათ ბრალი, ქართული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური გახდა.
პროცესის ბოლოს, დაცვის თანამშრომლებმა პრემიერის პირადი ცხოვრების დელიკატურ წვრილმანებსა და გარდაცვალების ახალ ვითარებებზე დაიწყეს საუბარი.
„სკანდალურმა“ დეტალებმა მცველებს ვერ უშველა და მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, თუმცა ერთი მცველის პატიმრობის ვადა ამოიწურა, ხოლო მეორე 2015 წლის დეკემბერში გათავისუფლდა.
კიდევ ერთი საქმე, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, სასამართლოს მიერ 2006 წლის მაისში, თბილისის ცენტრში პოლიციის სპეცოპერაციის შესახებ საქმის განხილვის სწრაფი დასრულება იყო. თებერვალში მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიების თაობაზე განაცხადა და მას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა. მაშინ საქმეზე შსს-ს ყოფილი 11 თანამშრომელი დააკავეს. 2015 წლის ოქტომბერში ხუთ მათგანს პატიმრობა მიესაჯა, ხოლო დანარჩენები გაათავისუფლეს.
საქმე მოულოდნელად უკვე სასამართლოს დასრულების შემდეგ შემოტრიალდა. ორი მსჯავრდებულის ნათესავებმა დეკემბრის დასაწყისში საქმის მოსამართლეს ქრთამის აღებაში დასდეს ბრალი. ამის საპასუხოდ სასამართლომ ნათესავსა და ადვოკატს პროვოკაციაში დასდო ბრალი.
თუმცა საქმე, რომელსაც ყველაზე მეტად განიხილავდნენ საზოგადოებაში და ყველაზე მეტად შუქდებოდა მედიაში, ეს თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სასამართლო იყო. ერთი დღე-ღამის განმავლობაში დედაქალაქის ყოფილმა მერმა, პატიმრობის ერთი წლისა და ორი თვის შემდეგ, მოასწრო საპატიმროდან გამოსვლაც და შემდეგ ოთხნახევარი წლის ვადით კვლავ საპატიმროში დაბრუნებაც.
უგულავას ერთდროულად ხუთ საქმეზე აქვს წაყენებული ბრალი და სასამართლო ყველა საქმეს განიხილავდა. თუმცა, 2014 წლის ივლისში დაკავებულმა თბილისის მერმა წინასწარ პატიმრობაში კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაზე მეტხანს დაჰყო. სასამართლომ გამოასწორა ხარვეზი და უგულავა გაათავისუფლა, თუმცა, მომდევნო ღამეს ერთ-ერთ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და უგულავა საპატიმროს დაუბრუნდა. ამჟამად ადვოკატები აპელაციას ამზადებენ და ექს-მერის მიმართ დანარჩენი საქმეების განხილვისთვის ემზადებიან.
საკონსტიტუციო სასამართლო — ქართული მართლმსაჯულების ბერკეტი
ქართული მართლმსაჯულების სისტემაში განსაკუთრებულ როლს საკონსტიტუციო სასამართლო ასრულებს. ის ამა თუ იმ ადამიანის ბრალეულობაზე გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა სწორედ ის წყვეტს, რადენად შეესაბამება კანონის ესა თუ ის ფორმა ქვეყნის მთავარ კანონს.
2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო ინსტანცია გახდა ყველასთვის, ვინც მართლმსაჯულების ქართულ სისტემას არ ეთანხმება. თავისუფლების მისაღებად, სწორედ ამ ინსტანციით ისარგებლა თბილისის ექს-მერმა. სასამართლომ ერთი და იმავე პირისთვის მეორე წინასწარი პატიმრობის შესაძლო შეფარდება არაკონსტიტუციურ ნორმად მიიჩნია.
გარდა ამისა, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ შეუშალა ხელი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ მმართველს ქიბარ ხალვაშს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მაშინვე დაებრუნებინა ტელეკომპანია და განეკარგა იგი. სასამართლომ სამოქალაქო-პროცესუალური კოდექსის ნორმა შეაჩერა, რომელიც მას, ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, კომპანიის მართვის უფლებას აძლევდა.
სასამართლომ ასევე შეაჩერა ნორმა სარჩელის უზრუნველყოფის ზომების შესახებ, რომელიც „რუსთავი 2“-ის ყოფილი მმართველის სარჩელის უზრუნველყოფისთვის დროებითი მმართველების დანიშვნის შესაძლებლობას ითვალისწინებდა.
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“ ქიბარ ხალვაშს გადასცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მას არანაირი ზომების მიღება არ შეუძლია.