თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ბიზნეს- და საინვესტიციო გარემოს ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის უზრუნველსაყოფად, განავითარებს აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს, მათ შორის, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერების გზით.
ნათქვამია სამთავრობო პროგრამაში „ძლიერი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოსათვის“, რომელიც საქართველოს პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან ერთად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობის მანდატის მოპოვებისათვის წარუდგინა.
ამასთან, მთავრობა ხელს შეუწყობს კომპანიების ზრდისა და განვითარებისათვის ხელშემშლელი ხელოვნური ბარიერების აღმოფხვრას. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ინვესტორთა ნდობის ასამაღლებლად, განახლდება საინვესტიციო კანონმდებლობა.
დოკუმენტის თანახმად, ბიზნესის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის, მთავრობა ხელს შეუწყობს კომერციული დავების გადაწყვეტაში მედიაციის განვითარებას მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას.
„ბიზნესის განვითარებისათვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შესაქმნელად, ბიზნესთან დაკავშირებული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა. ამასთან, ბიზნესისათვის დამატებითი ტვირთის მოხსნის მიზნით ვითარდება რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) სისტემა, რომლის მიზანია როგორც ახალი საკანონმდებლო ინიციატივების, ისე არსებული საკანონმდებლო აქტების გავლენის შეფასება ბიზნესგარემოსა და ეკონომიკაზე“, — აღნიშნულია პროგრამაში.
საინვესტიციო გარემოს შემდგომი სრულყოფისთვის მთავრობამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) თანამშრომლობით შექმნა ინვესტორთა საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მთავრობის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.აღნიშნული საბჭო არის დიალოგის ერთგვარი პლატფორმა მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებისა და ინიციატივებისა და იდეების გაცვლისთვის.
მთავრობის მიზანია სახელმწიფო ქონების რაციონალური გამოყენება, აგრეთვე გამოუყენებელი აქტივების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა მისი კერძო საკუთრებაში მოქცევის გზით. ამ მიზნით აქტიურად გაგრძელდება პრივატიზება, დასრულდება სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ქონების სრულმასშტაბიანი ინვენტარიზაციის პროცესი, განხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ოპტიმიზაცია. მთავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზების პროცესის გამჭვირვალედ და ეფექტიანად წარმართვას.
ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის წახალისების მიმართულებით საქართველოს მთავრობა ინტენსიურად ითანამშრომლებს ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, რაც გამოიხატება დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაში, დიასპორის დახმარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში, ასევე თანამემამულეების ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ზრდაში. ეს ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური ზრდის წახალისებას, ისე ქართული დიასპორის საქართველოსთან კავშირის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.