თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორია Fab Lab-ი გაიხსნა. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბიზნეს ინკუბატორის წითელი ლენტი, სიმბოლურად, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თსუ-ს რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გაჭრეს, იტყობინება თბილისის მერია.
დავით ნარმანიას განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.
„ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგ, ჩვენ, ეს პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც დავგეგმეთ. მნიშვნელოვანია, რომ თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც უახლეს მიღწევებზე არის დაფუძნებული, ერთის მხრივ, დაეხმარება სტუდენტებს, რომ აიმაღლონ კვალიფიკაცია და პრაქტიკულად ნახონ ის, რასაც სხვაგან ვერ ნახავენ, ხოლო მეორეს მხრივ, ეს იქნება ისეთი პროექტი, რომელიც შეინახავს თავის თავს, ანუ გარკვეულწილად, მცირემეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტიც არის ამ ყველაფერში შემოტანილი. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიის „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრიც“ ჩავრთეთ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდთან“ ერთად ამ პროექტში და შეიქმნა ძალიან კარგი კონცეფცია, რომელიც, უდაოდ, წარმატებული იქნება. აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებმა, ვინც აქ უნდა იმუშაონ და სტუდენტებს ასწავლონ, უკვე გაიარეს შესაბამისი გადამზადების კურსები, ასე რომ, მომდევნო წლის პირველი იანვრიდან აღნიშნული ლაბორატორია ფუნქციონირებას დაიწყებს და სტუდენტებს კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი პროექტი შეემატებათ“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
ინოვაციური ლაბორატორია Fab Lab-ი უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი, მათ შორისაა: 3D პრინტერები, 3D სკანერები, UV პრინტერი, ლაზერის მჭრელი, საშრობი მანქანა და ა.შ. სამრეწველო ლაბორატორიის საშუალებით შესაძლებელია ნივთების დამზადება, კვლევების ჩატარება, მაკეტების შექმნა და სხვადასხვა სახის სამუშაოების წარმოება, მაგალითად, ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო დეკორაციული მაგიდების, დეკორაციული ინტერიერისა თუ ექსტერიერის შერჩევა. ამასთან, Fab Lab-ში დამწყები მეწარმეებისთვის ბიზნეს ტრენინგები გაიმართება, ლაბორატორიის სტუმრებს კი ბიზნესის განვითარების მიმართულებით კონსულტაციებს Fab Lab-ის თანამშრომლები გაუწევენ.
ახალი ლაბორატორიის პრეზენტაციაზე „ტექნოლოგიური განვითარების ფონდსა“ და „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორიის გახსნაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.