თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშწყობით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია – ფაბ ლაბი (Fab Lab) გაიხსნა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.
ფაბ–ლაბი უნიკალური სივრცე იქნება, სადაც ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს უსასყიდლოდ შეეძლებათ თავიანთი იდეების ძალიან მარტივად, პროტოტიპებში გადატანა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლაბორატორიის გახსნის ცერემონიაზე.
„ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული საგრანტო კონკურსი, რომელშიც აღნიშნულმა უნივერსიტეტმა გაიმარჯვა და შესაბამისად, 250 000 ლარის გრანტის ფარგლებში არის დაფინანსებული ყველა ის ულტრათანამედროვე მოწყობილობა და დანადგარი, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მალე განახორციელონ თავიანთი იდეები და მიიღონ რეალური შედეგები. შემდეგი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ სამრეწველო ლაბორატორიას უზრუნველვყოფთ როგორც სახარჯი მასალით, ასევე შესაბამისი ხელფასით, ხოლო ერთი წლის შემდეგ უკვე უნივერსიტეტი თავისი ხარჯებით გააგრძელებს ამ საქმიანობას“ — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ქუთაისშიც ამოქმედდა.
„ინოვაციებისა და მრეწველობის განვითარება ბათუმისა და ქუთაისისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს მალე ამ ქალაქების ეკონომიკურ წინსვლაზე აისახება — გაჩნდება ახალი „სტარტაპ ბიზნესები“ და სამუშაო ადგილები“, – განაცხადა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ქაშიბაძემ.
ირაკლი ქაშიბაძის ინფორმაციით, პირველი ფაბ-ლაბი თბილისში შეიქმნა და დღეს დაინტერესებულ ადამიანებს აქტიურად და წარმატებით ემსახურება.
„ფაბ-ლაბების ქსელის გავრცელება მომავალ წელს სხვადასხვა რეგიონში იგეგმება“, – განაცხადა მან.