თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ოფიციალური რომი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ახალ ტერაქტებს ევროპაში არ გამორიცხავს, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტინოლიმ.
„მშვენივრად გვესმის, რომ ისინი დარტყმას კვლავ ეცდებიან, ვმუშაობთ უსაფრთხოების სფეროში, რათა მოულოდნელად არ დაგვესხან თავს“, — განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთ la Repubblica-სთან ინტერვიუში, ავსტრიის პოლიციის განცხადებაზე კომენტარისას, რომ რიგი ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში ახალი წლის წინ შეიძლება ტერაქტები განხორციელდეს.
ჯენტილონიმ აღნიშნა, რომ ავსტრიის პოლიციის განცხადება სავარაუდო ტერაქტების „ადგილების, თარიღებისა და განსაკუთრებული დეტალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას“ არ შეიცავს. „იტალიაში, ევროპაში ყველა ჩვენგანისთვის სრულიად ნათელია, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ და მისმა დამქაშებშა ჩაიდინეს და შეუძლიათ ჩაიდინონ“, — განაცხადა მან.
ამასთან, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა შენიშნა, რომ ტერორისტების ქმედებებზე საერთაშორისო რეაქცია უფრო ეფექტური ხდება. შაბათს „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სახელით ინტერნეტში გავრცელებული განცხადების შესახებ საუბრისას მინისტრმა აღნიშნა: „მას სურს საკუთარი ძალის წარმოჩენა იმ დროს, როდესაც სინამდვილეში, სამხედრო სიძნელეების წინაშე დგას“.
იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პარიზის ნოემბრის ტერაქტების შემდეგ „ნულოვანი რისკი აღარ არსებობს“. „მხედველობაში უნდა მივიღოთ შემოსული გაფრთხილებები, რომლებიც სათანადოდ უნდა გავაანალიზოთ. ყველაფერს თავისი შეფასება უნდა მივცეთ, მაგრამ, ამავდროულად, საკუთარ თავს პარალიზების საშუალებასაც ვერ მივცემთ“, — განაცხადა მინისტრმა კვირას გამოქვეყნებულ ინტერნვიუში გაზეთ Corriere della Sera-სთან.
ალფანოს განცხადებით, იტალიური სპეცსამსახურების მუშაობა ტერორიზმთან დაპირისპირების კუთხით ჯერჯერობით „საკმაოდ ეფექტიანი“ იყო. მან აღნიშნა, რომ მხოლოდ მსხვილ ქალაქებში მიმდინარე ოპერაციაში „მშვიდი ქუჩები“ სამხედრო მოსამსახურეების რეკორდული რაოდენობა — 6300 ჯარისკაცი და ოფიცერია ჩართული. მინისტრმა ასევე მიუთითა, რომ აუცილებელია იტალიის მუსლიმანთა თემების ხელმძღანელებთან აქტიური ურთიერთობები. „პარიზის მოვლენების შემდეგ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ასეთ მომენტებში საკმარისი არაა, რომ ტერორისტი არ ხარ, საჭიროა მათი მოწინააღმდეგე იყო“, — განაცხადა ალფანომ.