თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში შაბათს, 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მასთან სამუშაო კონტაქტი არ ჰქონდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა 23 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ, პარასკევს, 25 დეკემბერს, საპარლამენტო უმრავლესობამ ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა.
„ბატონ ირაკლისთან არანაირი პიროვნული დაძაბულობა არ მქონდა. ამას ყველა ხედავდა, როდესაც საზოგადოებაში ვხვდებოდით ერთმანეთს. ამასთან ერთად, იყო ორი წლის განმავლობაში ჩემგან მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ ძირითადად წარუმატებელი იყო ჩემი მხრიდან, რომ ბატონი ირაკლი და ჩვენი მინისტრთა კაბინეტიც, პარლამენტიც, უფრო ახლო კონტაქტში ყოფილიყო ჩემთან“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღემდე არ გამოდის კონტაქტზე ჩემთან, ეს პრემიერ-მინისტრის პარტია „ქართული ოცნებაა“, დასძინა მან.
მარგველაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილთან კონტაქტის არარსებობის მაგალითად მოიყვანა ის, რომ პრემიერი იგნორირებდა მის სურვილს, დასწრებოდა მთავრობისა და უშიშროების საბჭოს სხდომებს, ხოლო პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლაზე მთავრობის წევრების მიუსვლელობა სამწუხარო პრაქტიკად იქცა.
„ეს იყო მუდმივი მცდელობა, რომ ვილაპარაკოთ, ვიურთიერთოთ, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესმა ხელისუფლებამ, განსაკუთრებით უშიშროების საბჭოზე იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტს თავმჯდომარე ერთმანეთს ხვდებიან და იყო ამის წაყრუება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.