თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იქნება წარდგენილი. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა შაბათს, 26 დეკემბერს გაავრცელა.
განცხადების თანახმად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას უცვლელად წარუდგენს დასამტკიცებლად პარლამენტს, ხოლო თავის ადგილმონაცვლედ, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მისი პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე იქნება წარადგენილი.
34 წლის მიხეილ ჯანელიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტი 2015 წლის 21 სექტემბრიდან ეჭირა. მანამდე 4 წლის განმავლობაში — 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მინისტრის მოადგილედ. 2009 — 2011 წლებში — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 2009 — შ.პ.ს. “ჯანელიძე და კომპანია”, პარტნიორი; 2007 — 2009 — შპს “ველლაჯიო”, ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი; 2007 — 08.2007 — ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი; 2006 — 2007 — შპს “საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი”, ბიზნესის განვითარების მენეჯერი; 07.2003 — 02.2004 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
მიხეილ ჯანელიძემ 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტის სპეციალობით. შემდეგ 2003-2006 —რუსეთის ფედერაციაში დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო სამართალის ასპირანტურა; 2008-2010 — კავკასიის ბიზნეს სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო აღმასრულებელთათვის და საფრანგეთის გრენობლის ბიზნეს სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის წოდება.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ ჯანელიძეს 2011 წელს მიღებული აქვს ღირსების ორდენი.