თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი მზადაა აღადგინოს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ თბილისი პირობას აყენებს — მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმა, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости —ს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.
საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს მას შემდეგ გაწყვიტა, რაც მოგერიებულ იქნა ქართული აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციამ, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულ კონფლიქტის მხარეს ამ აგრესიის მოგერიებაში ეხმარებოდა, აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. შემდეგ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ამ რეჟიმში ვცხოვრობთ ჩვენ. ინიციატივა დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტაზე საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. რაც შეგვეხება ჩვენ, მზად ვართ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისათვის, მაგრამ ისინი (საქართველოს ხელისუფლება)პირობას აყენებენ, რომ რუსეთმა გაიწვიოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარება“, — თქვა დიპლომატმა.
ამასთან კარასინმა აღნიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაშიც კი, 2012 წლიდან, რუსეთის ფედერაციამ და საქართველომ დაიწყეს ურთიერთობების დარეგულირება მთელ რიგ საკითხებზე.
„და ამან ჩვენ იქამდე მიგვიყვანა სადაც დღეს ვართ. ჯერ ერთი, ქართულ საზოგადოებაში არ არის მტრული ასტმოსფერო, ისევე როგორც რუსულ საზოგადოებაში საქართველოს მიმართ. ჩვენ ვაგვარებთ კონტაქტებს ადამიანებს შორის, ჩვენ ვავითარებთ ვაჭრობას, აღვადგინეთ რეგულარული ავიაფრენები. წელს მგზავრთა ნაკადი ორ ქვეყანას შორის 90%-ით გაიზარდა. ეს კარგი მაჩვენებელია. სიტუაცია მარტივი არ არის.
ჩვენ ჟენევაში (კავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიის ფარგლებში) განვიხილავთ სიტუაციას, რომელიც ხდება საზღვრებზე აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია, მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად განსაკუთრებული შედეგები არ არის, მაგრამ ეს საშუალებას გვაძლევს განვმუხტოთ მდგომარეობა და განვიხილოთ ის თემები, რაც თვეობით გროვდება გამაღიზიანებელ ფაქტორად. ყოველი შეხვედრის შემდეგ, ეს გამაღიზიანებლები განიხილება მხარეების მონაწილეობით, საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის მონაწილეობით და ობიექტურად ეს ხელს უწყობს იმას, რომ იქ არ ისვრიან. იქ არ არის მასიური სამხედრო პროვოკაციები, ინციდენტები,“- განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ.
საქართველომ 2008 წლის აგვისტოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვიდნენ, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს, თუმცა, არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანოდ.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, ასევე რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.
დღეისათვის რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზები სჭირდებათ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს, 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ინფორმაცია გააჟღერა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისათვის ვიზების გაცემის წესს გაამარტივებს.