თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავის მოვალეობებს საუკეთესოდ ასრულებდა, განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცახდება ოთხშაბათს, 23 დეკემბერს გააკეთა. იგი ქვეყნის მთავრობას სათავეში 2013 წელს ჩაუდგა, როდესაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა.
„ძალიან გული მწყდება, იმიტომ, რომ ის საუკეთესოდ ხელმძღვანელობდა აღმასრულებელ რგოლს და მისი პიროვნული, გამორჩეული, მართლაც საუკეთესო თვისებები, და მისი, როგორც ლიდერის თვისებები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო და მე ვფიქრობ, ის კიდევ ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მან მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება უჩერდება ყველა მინისტრს და ისინი მოვალეობის დროებით შემსრულებლები ხდებიან. საპარლამენტო უმრავლესობამ კვირის განმავლობაში უნდა შეათანხმოს ახალი პრემიერის კანდიდატურა და წინადადება პრეზიდენტს გადაუგზავნოს. ქვეყნის მეთაურმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს კანდიდატურა. ამის შემდეგ ახალმა პრემიერმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და საკუთარი პროგრამა უნდა წარუდგინოს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო ნდობის ვოტუმს მიანიჭებს ახალ პრემიერსა და მთავრობას.
საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია, რომლის უმრავლესობასაც მმართველი კოალიციის ფრაქციები წარმოადგენს. ახალი პრემიერისა და შესაბამისად, ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებისათვის, კოალიციას დეპუტატების ხმათა უმრავლესობა დასჭირდება.