თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექსპრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვერ გაბედავს პოლიტიკაში ფორმალურად დაბრუნებას, თუმცა კვლავაც განაგრძობს კულისებიდან ქვეყნის მართვას, — მიაჩნია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარეს კახა კუკავას.
„ივანიშვილი არსად წასულა. ის ახლაც რეალურად არის ჩართული დიდ პოლიტიკაში და საკუთრი მარიონეტებით მართავს ქართულ პოლიტიკას. როცა დღეს დილით პრემიერ–მინისტრობის შესაძლო კანდიდატები დაასახელეს, აშკარა გახდა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს — ეს ბიძინა ივანიშვილია. სახელდებიან ისეთი კანდიდატები, რომელთაც საზოგადოება არცთუ კარგად იცნობს. მაგალითად, ქუმსიშვილი და ბახტაძე. სამაგიეროდ, ისინი მიღებულნი არიან ივანიშვილის კლანის ოჯახში. ფორმალურად, რაღა თქმა უნდა, ივანიშვილი ვერ გაბედავს პრემიერ–მინისტრის პოსტზე დაბრუნებას, მაგრამ რეალურად ქვეყანას მის გარდა სხვა არავინ მართავს“, — განუცხადა კუკავამ სააგენტო Sputnik საქართველოს კორესპონდენტს.
პოლიტიკოსის აზრით, ვიცე–პრემიერის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაწონასწორებული პიროვნებაა და დასახელებულ კანდიდტთა შორის ყველაზე მეტად შეეფერება პრემიერ–მინისტრის თანამდებობას.
„ღარიბაშვილის წასვლა არ იყო მოულოდნელი. მავრმა თავისი საქმე გააკეთა და ახლა მავრი უნდა წავიდეს. მთელი ეს კორუფციული სკანდალები სწორედ ღარიბაშვილთანაა დაკავშირებული. ახლა კი, არჩევნების წინ, მათ სჭირდებათ ხალხს აჩვენონ უფრო კეთილმოსურნე, სათნო იმიჯი და ალბათ, ამიტომაც განიხილავენ კვირიკაშვილის კანდიდატურას, რომელიც არასდროს აკეთებს მკვეთრ განცხადებებს, არ აყენებს შეურაცხყოფას საზოგადოებას და კიდევ მეტად განათლებულია. ამიტომ არაფერია მოულოდნელი — „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ადამიანური სახის დაბრუნება სურს“, — თქვა კუკავამ.
შეგახსენებთ: ქვეყნის კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, უფლებამოსილება უჩერდება ყველა მინისტრს და ისინი მოვალეობის დროებით შემსრულებლები ხდებიან. საპარლამენტო უმრავლესობამ კვირის განმავლობაში უნდა შეათანხმოს ახალი პრემიერის კანდიდატურა და წინადადება პრეზიდენტს გადაუგზავნოს. ქვეყნის მეთაურმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს კანდიდატურა. ამის შემდეგ ახალმა პრემიერმა პარლამენტს ახალი მინისტრთა კაბინეტი და საკუთარი პროგრამა უნდა წარუდგინოს, ხოლო საკანონმდებლო ორგანო ნდობის ვოტუმს მიანიჭებს ახალ პრემიერსა და მთავრობას.