თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოს მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე იმ კანდიდატურების ვინაობა დაასახელა, რომელთა შესახებაც საკანონმდებლო ორგანოში მიდის მსჯელობა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცახდება ოთხშაბათს, 23 დეკემბერს გააკეთა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს უფლებამოსილება უწყდება და ისინი დროებით მოვალეობის შემსრულებლები არიან.
„ბატონი კვირიკაშვილი (ვიცე–პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი) ძალზე წარმატებული პოლიტიკოსია. ბატონი სერგეენკო (ჯანდაცვის მინისტრი) ასევე არის წარმატებული მინისტრი და ჯანდაცვის სფეროში ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო წინსვლა და წარმატება. ბახტაძე („საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი) – რკინიგზა – წარმატებული კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო არენაზე სერიოზული მიღწევები აქვს. ქუმსიშვილმა (ეკონომიკის მინისტრი) სადაც იმოღვაწა ძალიან კარგი კვალი დატოვა. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ გვარები, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გვყავს ჩვენს გუნდში“, – განაცხადა მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობა პარასკევს, 25 დეკემბერს დაასახელებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ პრემიერობის კანდიდატი პარლამენტს ახალ სამოქმედო პროგრამას და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარუდგენს, კანონმდებლებმა კი ნდობის ვოტუმი უნდა გამოუცხადონ ახალ მთავრობას პრემიერ–მინისტრის თაოსნობით.