თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „ქართული ოცნების“ დამაარსებელმა მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადააყენოს, განაცხადა ოპოზიციური პარტიის — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
ქართული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგება და სათავეში ჩაუდგება პარტია „ქართული ოცენება — დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს და კოალიცია „ქართული ოცნების „ საარჩევნო სიას. 20:00 საათზე ღარიბაშვილის ბრიფინგი გაიმართება.
„ივანიშვილმა გადაწყვიტა შეცვალოს ღარიბაშვილი, სულ მცირე ამ გადაწყვეტილების ზღვარზეა და ეს უკვე დაადასტურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა. ერთის მხრივ ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტი უმძიმესი კრიზისის ფონზე გადადგება… როცა მთავრობას არ აქვს მომავლის არანაირი ხედვა… თუმცა ჩვენ ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ ღარიბაშვილი უბრალოდ მარიონეტია და გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს“, — განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს ოთხშაბათს, 23 დეკემბერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ დაადასტურა, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის საკითხი განიცხილება.
მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს. მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელია სხვა გადაადგილებებიც.
მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრად 2012 წელს აირჩიეს და 2013 წელს მან ეს თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა ახალი პრეზიდენტის — გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ. ივანიშვილი სამოქალაქო სექტორში გადავიდა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქე“ შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, ოპოზიციის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ იგი კულისებიდან განაგრძობს ქვეყნის მართვას.