თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში ახალი წლის შეხვედრის მსურველებს ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე, საახალწლო ბაზრობები, სადღესასწაულო წარმოდგენები და კიდევ უამრავი სხვა გასართობი ელოდებათ, — იუწყება აჭარის ოფიციალური ტურისტული პორტალი.
საახალწლო და საშობაო ბაზრობებზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი სუვენირები, სხვადასხვა სახეობის ტკბილეული, ტრადიციული ცხელი კერძები და სასმელები, რომელთა დაგემოვნებაც ადგილზევე იქნება შესაძლებელი.
ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს 25 დეკემბერს საზეიმოდ აანთებენ 18:00 საათზე, რის შემდეგაც ევროპის მოედანზე ნინო ქათამაძესა და ჯგუფ Insight–თან ერთად პოპულარული ალტერნატიული როკჯგუფი Loudspeakers გამოვა.
25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე ბათუმის მოედნებზე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები უფასო კონცერტებს გამართავენ.
გამომსვლელთა შორის იქნებიან „გრემის“ მფლობელი, იამაიკური რეგი–ჯგუფი Inner circle და მსოფლიო სახელის მქონე ვირტუოზი კლარნეტისტი გიორა ფეიდმანი (Giora Feidman).
ევროპის მოედანზე გამოვა თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ხოლო ქართველი მოცეკვავეები გრანდიოზულ საახალწლო შოუს წარმოადგენენ.
ამას გარდა, ბათუმის სტუმრებს ელით გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის თოვლის პაპისა და ფიფქიას მონაწილეობით და ასევე სხვადასხვა თეატრალური შოუ.